CFD მექანიზმმა ბანკებთან, დაფინანსების მოზიდვის კუთხით, ბევრი პოზიტიური ფანჯრები გახსნა, შეიძლება ითქვას, რომ ამან კარგად იმუშავა. გვერდზე რომ გადავდოთ ეს საკითხი, ძალიან ბევრი ინვესტორი არის დაინტერესებული, მათ შორის ევროპელი, სწორედ ამ მექანიზმით, - ამის შესახებ „საქმის კურსთან" ინტერვიუში მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელმა, გიორგი მარგებაძემ განაცხადა.
მისი შეფასებით, მეორე სიმძლავრის აუქციონის გზით დადგენილი მედიანური ტარიფი მოდინებაზე არსებული ჰესების ასაშენებლად საკმარისი არ არის, თუმცა იქნებიან კომპანიები, ვისთვისაც 6,5 ცენტი მისაღები ტარიფია. გიორგი მარგებაძის თქმით, დროში გამოჩნდება, რამდენად მოხდება აღნიშნულ ტარიფად არსებული სიმძლავრეების ათვისება და გახდება თუ არა მესამე სიმძლავრის აუქციონის ჩატარება აუცილებელი.
„ჩემთვის, როგორც დეველოპერისთვის, როგორც პროექტის განმახორციელებლისთვის, ეს ტარიფი არ არის საკმარისი და რა თქმა უნდა ვისურვებდი, რომ ეს მეტი იყოს, იყოს 7 ცენტი, 7,3 ცენტი, თუმცა მედალს ორი მხარე აქვს. ერთ მხარეს არის დეველოპერი, მეორე მხარეს არის სახელმწიფო. ჩვენ ვნახეთ, რომ ამ აუქციონში, რომელიც ჩატარდა გამჭვირვალედ, ტარიფი მივიღეთ ის, რაც მივიღეთ და დაჯდა 6,5 ცენტი. ვისაც აწყობს და ვინც შეიტანა დაბალი ტარიფები, 6,5 ცენტზე ნაკლები, თუნდაც 6,5, ისინი განახორციელებენ, შეასრულებენ ამ პროექტებს იმედია.
დრო გვაჩვენებს, ვნახავთ რამდენად მოხდება ამ ტარიფად არსებული სიმძლავრეების ათვისება. კარგია, რომ ამბობენ, რომ თუ არ იქნება ათვისება, მაშინ მესამე აუქციონი ჩატარდება. ეს არის მუშა რეჟიმი, გამოჩნდება, რაღაც ოქროს შუალედი ხომ უნდა იყოს. თუ არ იქნება შევსებული, ჩვენ მოვითხოვთ ჩატარდეს მესამე აუქციონი“,-აცხადებს გიორგი მარგებაძე.
შეგახსენებთ, CFD აუქციონები, რომელიც აქამდე სექტორის მხარდამჭერ მექანიზმად გამოიყენებოდა. პირდაპირი მოლაპარაკებებით შეიცვალა. მთავრობა კონტრაქტებში მეორე სიმძლავრის აუქციონის შედეგად მიღებული მედიანური ტარიფებით იხელმძღვანელებს.