ეკონომიკის სამინისტრომ ელექტროენერგიის სიმძლავრის მეორე აუქციონი გამოცხადდა. წარმოდგენილი პროექტების ჯამური სიმძლავრე 800 მეგავატია. მთავრობას სურს აუქციონის ფარგლებში მარეგულირებელი სადგურებიც აშენდეს. კერძოდ, 300 მეგავატის მარეგულირებელი ჰესები ქარისა და მზის ელექტროსადგურები 125- 125 მგვტ, მათ შორის ქარის ელექტროსადგურები (ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით) - 70 მგვტ, მზის ელექტროსადგურები (ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით) - 70 მგვტ. სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურები - 10 მგვტ.
სამინისტროს ინფორმაციით, აუქციონში განაცხადების წარდგენა 12 თებერვლის 18 საათამდე გაგრძელდება.
CFD აუქციონის მეორე რაუნდში, რომელიც განსხვავებული პირობებით გამოცხადდა ბაზრის მოთამაშეებს ტარიფის ზრდის მოლოდინი აქვთ. მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი მარგებაძე ამბობს, რომ ამის კონკრეტული მიზეზები არსებობს, შორის ის რომ ქსელთან მიერთების ტარიფის დადგენა მოხდა, რაც პირველ აუქციონზე ფასებში არ ასახულა, თუმცა მას სავარაუდოდ გავლენა ექნება მეორე აუქციონის ფასებზე.
“ბევრი კომპანია იყო, რომელიც საპილოტე პროგრამას აკვირდებოდა და მონაწილეობა არ მიიღო. შესაბამისად, ვნახეთ რომ პირველმა აუქციონმა საკმაოდ წარმატებით ჩაიარა ტარიფიც ვნახეთ როგორი დაჯდა, ჰიდროს ნაწილში ეს 6.85 ცენტი იყო. შესაბამისად, ის საინტერესო გახდა იმ კომპანიებისთვისაც, რომლებმაც თავი შეიკავეს პირველ აუქციონზე. ამიტომ წინადადებები ბევრი შევა ჩემი აზრით.
რაც შეეხება ტარიფს, ჩემი აზრით, მოლოდინი იმისია, რომ ტარიფი 6.85 ცენტზე მეტი იქნება. ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, წინა აუქციონის დროს ახალი მიღებული იყო სემეკის მიერ დადგენილება, რომ 2-დან 16 მეგავატამდე სადგურებმა 300 000 ლარი უნდა გადაიხადონ მიერთებაზე. ეს საკმაოდ აძვირებს, მეგავატზე ფაქტობრივად 120-130 ათასი დოლარით აძვირებს მშენებლობას.
წინა აუქციონზე ბევრმა არ იცოდა ეს ინფორმაცია, ახლა აბსოლუტურად ყველამ იცის. ამას რომ თავი დავამატოთ ვიცით გაძვირებული საწვავი, ევროპის კანდიდატის სტატუსი, ეს ყველაფერი მოქმედებს. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ 6.85 ცენტზე მეტი დაჯდება, ვფიქრობ, რომ შეიძლება 7 და მეტიც იყოს,”-აცხადებს მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი მარგებაძე.
ცნობისთვის, CFD-ის პირველ აუქციონზე ეკონომიკის სამინისტროში ინვესტორებმა 78 განაცხადი შეიტანეს. აუქციონის კომისიამ გამარჯვებული 24 კომპანია შეარჩია. ჰიდროელექტროსადგურების შემთხვევაში აუქციონის კომისიამ მედიანური ტარიფი 6,85 ცენტის ოდენობით განსაზღვრა.