მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციაში იმ რამდენიმე მიზეზზე საუბრობენ, რის გამოც შესაძლოა, მეორე CFD აუქციონის ფარგლებში მოდინებაზე მომუშავე ელექტროსადგურებისთვის მედიანური ტარიფი შემცირებულიყო.
როგორც ასოციაციის ხელმძღვანელმა, გიორგი მარგებაძემ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, თუკი პირველ აუქციონში მსგავსი ტიპის ჰესებისთვის საშუალო ტარიფი 6.85 ცენტი იყო, ახლა ამ მიმართულებით მედიანური ტარიფი 6.5 ცენტი დაფიქსირდა.
მისი თქმით, ეს გარემოება იმითაა გამოწვეული, რომ სიმძლავრის მეორე აუქციონში უფრო მეტმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა და კონკურენციაც მაღალი იყო. ამასთან, გიორგი მარგებაძე ვარაუდობს, რომ ტარიფის შემცირებაზე გავლენა იმანაც იქონია, რომ 2 მეგავატამდე სიმძლავრის ჰესებისთვის შედარებით ნაკლები მოთხოვნები მოქმედებს.
“მოდინებაზე მომუშავე ჰესებზე მედიანური ტარიფი 6.5 ცენტი დაჯდა, რაც იმაზე ნაკლებია, ვიდრე პირველ აუქციონზე იყო. მოლოდინი იყო, რომ პირიქით, უფრო მაღალი ტარიფი დაფიქსირდებოდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ მთლიანობაში თითქმის 1900 მეგავატის სიმძლავრეზე შევიდა განაცხადი. ბევრმა კომპანიამ, რომლებმაც წინა აუქციონზე მონაწილეობისგან თავი შეიკავეს, ახლა შეიტანეს განაცხადები და კონკურენციაც მაღალი იყო, შესაბამისად, ტარიფიც ქვემოთ წამოვიდა.
თუმცა გასათვალისწინებელია, ისიც რომ 2 მეგავატზე დაბალი სიმძლავრის ჰიდროელექროსადგურებს აბსოლიტურად სხვა ფინანსური მოდელი აქვთ. მსგავსი ტიპის სადგურებს არ მოეთხოვებათ გზშ-ს გაკეთება, ქსელზე მიერთების საფასური უფრო დაბალი აქვთ და ფაქტობრივად არც მოსახლეობასთან მოლაპარაკებების ვალდებულება აქვთ. შესაბამისად, მიმაჩნია, რომ მედიანური ტარიფის დადგენაში მაგალითად, 5 და 2 მეგავატამდე მოცულობის სიმძლავრის ჰესები ერთნაირად არ უნდა მონაწილეობდნენ”, - განაცხადა გიორგი მარგებაძემ.
ცნობისთვის, ეკონომიკის სამინისტრომ სიმძლავრის მეორე აუქციონის შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მოდინებაზე მომუშავე ჰესებისთვის მედიანური ტარიფი 6.50 აშშ ცენტია, ხოლო მარეგულირებელი სადგურებისთვის შემდეგი მედიანური ტარიფებია: (1-4 სთ) – 7,50 აშშ ცენტი, (4-8 სთ) – 7,74 აშშ ცენტი, (8სთ>) – 10,35 აშშ ცენტი.
სამინისტროს ინფორმაციით, აუქციონზე 147 პროექტი იქნა წარდგენილი, ჯამური დადგმული სიმძლავრით - 1915,76 მგვტ, ხოლო შეფასების ეტაპზე გადავიდა 144 პროექტი, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 1865,31 მგვტ იქნება.