მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CFD მეორე აუქციონში ჰესებისთვის მედიანური ტარიფის ზრდას ველით - ასოციაცია

ჰესები

ენერგეტიკის სექტორის მხარდამჭერი მექანიზმის, CFD სქემის ფარგლებში დადგმული სიმძლავრის მეორე აუქციონი, არსებული ინფორმაციით, დეკემბრის ბოლომდე გამოცხადდება. მზის, ქარისა და წყლის ელექტროსადგურების მიმართულებით სახელმწიფო აუქციონზე ჯამში 600 მეგავატი სიმძლავრის პროექტებს გამოიტანს, საიდანაც 300 მეგავატი ჰიდროს წილი იქნება.

სექტორის შეფასებით, მეორე აუქციონზე დაინტერესება მაღალი იქნება, რადგან გასულ წელს კომპანიების მხრიდან 3-ჯერ მეტ სიმძლავრეზე გაკეთდა განცხადება.

“ინტერესი დიდი იქნება, რადგან წინა აუქციონზე მოთხოვნა 3-ჯერ მეტ სიმძლავრეზე იყო. გარდა ამისა, არიან კომპანიები, რომლებსაც პირველ აუქციონში მონაწილეობა არ მიუღიათ, რადგან აკვირდებოდნენ, როგორც საპილოტე პროგრამას”, - ამბობს მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელი, გიორგი მარგებაძე BMG-სთან საუბრისას.

პირველ აუქციონზე ჰიდროელექტროსადგურებისათვის აუქციონის კომისიამ მედიანური ტარიფი 6,85 ცენტის ოდენობით განსაზღვრა.

მარგებაძის შეფასებით, ეს საკმაოდ დაბალი ტარიფია სემეკის დადგენილების შესაბამისად, ამიტომ მომდევნო აუქციონზე ის ტარიფის 7,5 ცენტამდე ზრდას პროგნოზირებს.

“მჯერა, რომ ტარიფები გაიზრდება. წინა აუქციონი როდესაც ჩატარდა, არსებობდა კონკრეტული კრიტერიუმი, რომელიც კომპანიებმა, რომლებიც ფასწარმოქმნაში მონაწილეობდნენ, არ გაითვალისწინეს. სემეკის მიერ ახალი მიღებული იყო დადგენილება, რომლის თანახმადაც, სიმძლავრის მიერთებისას 2-დან 16 მეგავატის ფარგლებში, მეგავატზე გადასახადი 300 000 ლარია, რაც პატარა თანხა არ არის და ძალიან აძვირებს პროექტს.

ზოგმა იცოდა ამის შესახებ წინა აუქციონზე, ძალიან ბევრმა, 80%-მა არ იცოდა, რადგან ახალი მიღებული იყო. დღეს ეს ყველამ იცის და აუცილებლად უნდა აისახოს ფასებზე, იმიტომ რომ მშენებლობა თუ ამ დრომდე X თანხა ჯდებოდა, ამას ახლა ძალიან კოლოსალური თანხა ემატება. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ 6.85 ცენტი, ჰიდროს ნაწილში რაც იყო, აუცილებლად გაიზრდება და, შესაძლოა, 7 ცენტამდეც ავიდეს”, - ამბობს გიორგი მარგებაძე.

CFD პროგრამის ფარგლებში, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, 1500 მგვტ სიმძლავრის სადგურების მშენებლობის ხელშეწყობა იგეგმება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები