მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CFD აუქციონში ჰესებისთვის მედიანური ტარიფი 6,85 ცენტით განისაზღვრა - ჰესების ასოციაცია

644bb1c4624e5
ელენე გოგბერაშვილი
28.04.23 17:31
1293
ენერგეტიკის სექტორის მხარდამჭერი მექანიზმის, CFD სქემის ფარგლებში გამოცხადებულ პირველი ეტაპის აუქციონში გამარჯვებული კომპანიები გამოვლენილია. 22 მარტიდან 27 მარტის ჩათვლით ეკონომიკის სამინისტროში ინვესტორებმა 78 განაცხადი შეიტანეს. აუქციონის კომისიამ გამარჯვებული 24 კომპანია შეარჩია.

პირველი ეტაპის სიმძლავრის აუქციონის მიმართ ინვესტორების მხრიდან დაინტერესება ძალიან მაღალი იყო, რადგან ჯამში, მზის, ქარისა და ჰიდროს მიმართულებით სახელმწიფომ აუქციონზე 300 მეგავატი სიმძლავრის პროექტები გამოიტანა, განაცხადები კი სამჯერ მეტ სიმძლავრეზე შევიდა.

ეკონომიკის სამინისტრო ამ ეტაპზე გამარჯვებული კომპანიებისა და პროექტების შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს. ოფიციალურად არც ის არის ცნობილი, რა დაჯდა მედიანური ტარიფი თითოეული ტიპის ელექტროსადგურისთვის.

მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ჰიდროელექტროსადგურების შემთხვევაში აუქციონის კომისიამ მედიანური ტარიფი 6,85 ცენტის ოდენობით განსაზღვრა.

„ჩემი ინფორმაციით, ჰიდროს ნაწილში მედიანური ტარიფი 6,85 ცენტია, თუმცა დაველოდოთ ოფიციალურ შედეგებს. ამით დიდი ნაბიჯია გადადგმული ენერგო სექტორში, ახლა დროა აქტიურ მუშაობას შევუდგეთ და დავიწყოთ სხვადასხვა პრობლემის მოგვარება, რომელიც გვაქვს.

მოლოდინი იყო, რომ მედიანური ტარიფი 6-7 ცენტს შორი იმერყევებდა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ბაზარზე გაძვირებულია აბსოლუტურად ყველაფერი, როგორც სამშენებლო მასალები, ისე ინტელექტუალური თვალსაზრისით, ასევე მოთხოვნები, რაც არის სამშენებლო სტანდარტები, გარემოსდაცვითი სტანდარტები, იმხელა თამასაა, რომ ჩემი აზრით 6,5, 6 და 8 ცენტიც საკმარისი არ არის, თუმცა ძალიან კარგია, რომ ეს აუქციონი ჩატარდა. ჰიდროს ნაწილში 6,85 ცენტი კარგი შედეგია.

იმ კომპანიებით, რომლითაც მივიღე მონაწილეობა აუქციონში, დაახლოებით 55 მეგავატით გავიმარჯვეთ მთლიან მოცულობაში, თუმცა ეს პირველადი მონაცემებია. სხვა კომპანიებზე რთულია რაიმეს თქმა, რადგან ოფიციალური შედეგები ალბათ შემდეგ კვირაში გამოცხადდება “,-აცხადებს გიორგი მარგებაძე.

პირველი ეტაპის სიმძლავრის აუქციონში გამარჯვებული 24 კომპანიის პროექტები სახელმწიფოს მხრიდან ფასის გარანტიით იქნება დაზღვეული. სახელმწიფო 15 წლის განმავლობაში მზადაა კომპანიას ფასთა სხვაობა გადაუხადოს იმ შემთხვევაში თუ საბითუმო ფასი ნაკლები იქნება CFD ხელშეკრულებით განსაზღვრულ ტარიფზე.

სახელმწიფოს მხარდაჭერის პერიოდი განახლებადი ენერგიების სხვადასხვა წყაროსთვის განსხვავებულია. ჰესებისთვის CFD ხელშეკრულებები 8 თვის განმავლობაში, ქარის სადგურებისთვის 9 თვე, მზის და სხვა განახლებულ ენერგიებზე მომუშავე სადგურებისთვის კი 12 თვის განმავლობაში იმოქმედებს.

განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის ინფორმაციით, მეორე ეტაპის აუქციონები დაახლოებით 1-2 თვეში გამოცხადდება.

CFD სქემით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში მთავრობა 1 500 მგვტ სიმძლავრის სადგურების მშენებლობის ხელშეწყობას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები