მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

CFD-ის აუქციონში გამარჯვებულ კომპანიებთან ხელშეკრულება უახლოეს პერიოდში გაფორმდება - მიქაუტაძე

64bfda3aee274
მარიამ ვარადაშვილი
25.07.23 18:30
665

ენერგეტიკის მხარდამჭერი CFD სქემის ფარგლებში პირველ აუქციონში გამარჯვებული კომპანიები ეკონომიკის სამინისტროსთან მემორანდუმების გაფორმებას ელოდებიან. ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ გასულ კვირას მცირე და საშუალო ჰესების ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი მარგებაძემ განაცხადა, რომელიც რამდენიმე კომპანიის პარტნიორია.

დღეს კი, BM.GE-სთან ინტერვიუში ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ განაცხადა, რომ გარკვეული პროცედურებია დარჩენილი და კომპანიებთან მემორანდუმი უახლოეს პერიოდში გაფორმდება.

“გარკვეული პროცედურაა დარჩენილი და უახლოეს პერიოდში - 7-10 დღის ვადაში ხელი მოეწერება კონტრაქტებს. რაც შეეხება მეორე აუქციონს, შეიძლება ეს იყოს სექტემბერი. ვნახოთ, გარკვეული საკითხების გავლას ველოდებით ჩართულ მხარეებთან. მეორე აუქციონზე იგეგმება 400 მეგავატის მოცულობის პროექტების გამოტანა, თუმცა სიმძლავრე შეიძლება გაიზარდოს", - აცხადებს რომეო მიქაუტაძე.

განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის პირველი აუქციონი ეკონომიკის სამინისტრომ 2023 წლის 10 თებერვალს გამოაცხადა. განაცხადების მიღება 2023 წლის 22 მარტს დაიწყო და 27 მარტის დასრულდა.

აუქციონის მიმართ დაინტერესება ინვესტორების მხრიდან მაღალი იყო, რადგან პირველი აუქციონის გამოცხადებულ 300 მგვტ დადგმულ სიმძლავრეზე წარმოდგენილი იქნა 900 მგვტ სიმძლავრის განცხადებები. (300 მგვტ გადანაწილდა შემდეგი სახით: 150 მგვტ. ჰიდროელექტროსადგურებისთვის (მოდინებაზე არსებული), 70-70 მეგავატი ქარის და მზის ელექტროსადგურებისთვის, ხოლო 10 მგვტ. კი სხვა განახლებად ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურებზე).