განახლებადი წყაროებიდან ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის მეორე აუქციონში სამინისტროში შესული განაცხადების სიმძლავრე გამოცხადებულს 1077 მგვტ-ით აღემატება - ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, 16 თებერვალს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განახლებადი წყაროებიდან ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის აუქციონის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად დახურული სახით წარმოდგენილი წინადადებები გაიხსნა და მათი შესწავლა დაიწყო.
სხდომას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე ხელმძღვანელობდა. კომისიაში მონაწილეობდნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე მირზა გელაშვილი, სხვა სამთავრობო უწყებებისა და სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლები.
„სიმძლავრის რიგით მეორე აუქციონში, რომელიც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2023 წლის 30 დეკემბერს გამოაცხადა, დახურული სახით შემოსული წინადადებების გახსნის შედეგად 1877 მგვტ ჯამური სიმძლავრის 147 პროექტი შემოვიდა, რაც 1077 მგვტ - ით მეტია აუქციონით გამოცხადებულ მაჩვენებელზე“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სიმძლავრის მეორე აუქციონის ჯამური დადგმული სიმძლავრე 800 მგვტ.-ს შეადგენს. აუქციონის სიმძლავრე გადანაწილდა შემდგომ კატეგორიებში:
ჰიდროელექტროსადგურები (მარეგულირებელი) - 300 მგვტ.;
ჰიდროელექტროსადგურები (მოდინებაზე) -100 მგვტ.;
ქარის ელექტროსადგურები - 125 მგვტ.; მზის ელექტროსადგურები -125 მგვტ.;
ქარის ელექტროსადგურები (ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით) - 70 მგვტ.;
მზის ელექტროსადგურები (ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით) - 70 მგვტ.;
სხვა განახლებადი ენერგიის წყაროებზე მომუშავე ელექტროსადგურები - 10 მგვტ.
CFD-ის მეორე აუქციონზე გამოტანილია ე.წ. მარეგულირებელი ჰიდროსადგურებიც, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გაზრდას, ასევე მზისა და ქარის სადგურები ენერგიის შემნახველი მოწყობილობებით, რაც დარგში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის გარანტიაა.
შერჩეული პროექტები სახელმწიფოს მხრიდან ფასის გარანტიით იქნება დაზღვეული, რაც, საბოლოოდ, ენერგოსექტორში 2 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელების შესაძლებლობებს შექმნის.
პირველ აუქციონში, რომელიც გამოცხადებული იყო 300 მგვტ. სიმძლავრეზე, შემოვიდა 78 განაცხადი, ჯამურად 900 მგვტ-ზე მეტ სიმძლავრეზე. მასში გამარჯვებულად 27 კომპანია გამოვლინდა. მხოლოდ ამ 300 მგვტ-ში 400 მლნ დოლარის ინვესტიცია იქნება განხორციელებული.