ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე აცხადებს, რომ ელექტროენერგიის წარმოების სიმძლავრის მეორე აუქციონი ოქტომბერში გამოცხადდება და წინადადებების მიღება 600 მეგავატ დადგმულ სიმძლავრეზე დაიწყება.
განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის ახალი სქემის ფარგლებში პირველი აუქციონი 300 მგვტ სიმძლავრის ასათვისებლად 2023 წლის მაისში ჩატარდა. აუქციონში გამარჯვებული კომპანიების ნაწილთან ხელშეკრულება უკვე გაფორმდა.
“მეორე აუქციონის სიმძლავრე დაახლოებით 600 მეგავატი იქნება. ამ 600 მეგავატში საშუალება იქნება უკვე მარეგულირებელი სიმძლავრეც გამოვიდეს სხვა იმ სიმძლავრეებთან ერთად. ვგულისხმობ მოდინებაზე მომუშავე ჰიდროსადგურებს, ასევე მზის და ქარის ელექტროსადგურებსაც. აუქციონი ოქტომბერში გამოცხადდება, კერძოდ, ოქტომბრის მეორე ნახევარში მზად ვიქნებით აუქციონის გამოსაცხადებლად", - ამბობს მიქაუტაძე.