მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენი ამოცანაა, მოთხოვნის ზრდის იმპორტის ხარჯზე დაკმაყოფილების აუცილებლობა მინიმუმამდე დავიყვანოთ“

ენერგეტიკა
BM. GE
09.11.23 18:23
96

„ჩვენი ამოცანაა, მოთხოვნის ზრდის იმპორტის ხარჯზე დაკმაყოფილების აუცილებლობა მინიმუმამდე დავიყვანოთ“, - ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილე რომეო მიქაუტაძემ აშშ - ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოს პარლამენტის მიერ ორგანიზებული სემინარზე განაცხადა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სემინარის თემა საქართველოს მიერ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, მათ შორის, რეფორმებს, გამოწვევებს და მათი დაძლევის გზებს შეეხებოდა.

თავის გამოსვლაში, მინისტრის პირველმა მოადგილემ საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებულ ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, დღეის მდგომარეობით საქართველოს ენერგოსისტემის დადგმული სიმძლავრე 4596 მგვტ-ია.

„ქვეყნის ადგილობრივი გენერაციის ძირითადი წყარო ჰიდროელექტროსადგურებია. მათგან, ძირითადი დატვირთვა მარეგულირებელ ჰესებზე მოდის და მთლიანი კალათის დაახლოებით 40%-ს შეადგენს. ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება. შესაბამისად, ჩვენი ამოცანაა, მინიმუმამდე დავიყვანოთ მოთხოვნის ზრდის იმპორტის ხარჯზე დაკმაყოფილების აუცილებლობა,“ - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

მინისტრის პირველმა მოადგილემ განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა სექტორში ინვესტიციების მოზიდვაზე და აღნიშნა, რომ სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს ამ მიმართულებით. კერძოდ, განხორციელდა ცვლილებები კანონმდებლობაში ქვეყნის ელექტროენერგეტიკული სექტორით ინვესტორების დაინტერესების მიზნით. „ამ პოლიტიკის შედეგია ის, რომ 2012 წლიდან ექსპლუატაციაში შევიდა 66 ელექტროსადგური ჯამური დადგმული სიმძლავრით – 1211 მგვტ. მათი ჯამური წლიური გენერაციაა დაახლოებით 6326 მგვტ.სთ, ხოლო ჯამურმა ინვესტიციამ დაახლოებით 1.901 მილირდი აშშ დოლარი შეადგინა“, - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

მისი თქმით, საინვესტიციო გარემოს შემდგომი გაუმჯობესების მიზნით დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა კონკურენციისა და საბაზრო პრინციპებზე დაფუძნებული განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალი სქემა, რომლის მიზანს განახლებადი ენერგიების ათვისებისათვის ინვესტიციების მოზიდვა წარმოადგენს.

„მხარდაჭერის სქემის ფარგლებში იგეგმება სიმძლავრის აუქციონების გამოცხადება, ჯამში, 1500 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობაზე. პირველი აუქციონი 300 მეგავატ სიმძლავრეზე იყო გამოცხადებული და მიღებულ შედეგებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროცესი წარმატებით განხორციელდა. წარმოდგენილი იყო 78 წინადადება, ჯამში 900 მგვტ-ზე მეტ დადგმულ სიმძლავრეზე. უკვე ტრადიციულ ჰიდროსთან ერთად დიდი იყო დაინტერესება მზისა და ქარის ელექტროსადგურების მშენებლობით. განხილვებისა და შეფასების საფუძველზე გამოვლინდა 27 გამარჯვებული. მათ შორის: 15 ჰიდროელექტროსადგურის განვითარების პროექტი, ჯამური დადგმული სიმძლავრით 153მგვტ; 2 ქარის ელექტროსადგურის პროექტი, ჯამური დადგმული სიმძლავრით 77 მგვტ და 10 პროექტი მზის ელექტროსადგურის მშენებლობაზე, ჯამური დადგმული სიმძლავრით 70 მგვტ. ამჟამად მიმდინარეობს ხელშეკრულებების გაფორმებისათვის საჭირო პროცედურები.

ინვესტორების მხრიდან მაღალი ინტერესიდან გამომდინარე ვგეგმავთ უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი აუქციონის გამოცხადებას. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, შემდეგი აუქციონი კიდევ უფრო მაღალ დაინტერესებას გამოიწვევს ინვესტორებში, რადგან ვფიქრობთ, მხარდაჭერის შემოთავაზებული სქემა კარგი არგუმენტია ფინანსურ ინსტიტუტებთან მოლაპარაკებებისა და თანამშრომლობისათვის და დაეხმარება პოტენციურ ინვესტორებს დაფინანსების მოზიდვაში,“ - განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

თავის გამოსვლაში, რომეო მიქაუტაძემ ასევე გაამახვილა ყურადღება მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, რომელიც საქართველოსა და კავკასიის ენერგეტიკულ სისტემას რუმინეთის და შესაბამისად ენერგეტიკულ ქსელს დააკავშირებს. ასევე საუბარი წარიმართა ენერგეტიკაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვასა და ნავთობისა და გაზის მოპოვების მიმართულებით არსებულ სიახლეებზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები