ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, რომ მინისტრის პირველი მოადგილის რანგში, რომეო მიქაუტაძესა და დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრის, ქრისტინა ოზგანს შორის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.
საქმე ის არის, რომ 2023 წლის დეკემბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრი ზუგდიდში იმყოფებოდა. მაშინ BMG-ის "ენგურჰესში" დაუდასტურეს, რომ ქრისტინა ოზგანს მაშინდელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე შეხვდა.
BMG-ის ენერგეტიკოსი გია არაბიძე უდასტურებს, რომ რომეო მიქაუტაძე და ქრისტინა ოზგანი ერთმანეთს შეხვდნენ. მისი თქმით, ე.წ. მინისტრმა რომეო მიქაუტაძეს შეხვედრა თავად სთხოვა, რათა აფხაზეთში არსებულ ენერგეტიკულ პრობლემებზე ესაუბრათ.
"კრისტინა ოზგანმა თავად ითხოვა შეხვედრა. ქსელის მოწესრიგებაზე იყო საუბარი, რა უნდა გაკეთდეს და როგორ. ეს პოლიტიკური შეხვედრა არ ყოფილა. რომეოსთან არ მისაუბრია, მაგრამ სამინისტროსგან ვიცი, რომ ქსელის მოწყობაზე იყო საუბარი", - განაცხადა გია არაბიძემ.
გია არაბიძე ამბობს, რომ აფხაზებს ქართველი ენერგეტიკოსების დახმარება სჭირდებათ, რათა ის გამოწვევები მოგვარდეს, რომლებიც ადგილზე ელექტროენერგიის სისტემის მხრივ არსებობს.
"ისინი გაცილებით მეტს ხარჯავენ, ვიდრე უნდა ხარჯავდნენ და ფულის ამოღების სისტემაა მოსაგვარებელი. მათი ძაბვა გასაოცარია, 180 ვოლტამდე ჩამოვიდა უკვე, მაცივარსაც ვერ რთავენ. შესაბამისად, არის გარკვეული კონტაქტები, რომ ურთიერთდახმარებით ელექტროენერგეტიკული ქსელი მოვაწესრიგოთ. ჩვენ მათი სისტემის მაჯის ცემას ვფლობთ, ისინი ვერ ფლობენ. ქართველი ენერგეტიკოსებისგან დახმარება სჭირდებათ, რომ უთხრან, რა სიტუაციაა, ხაზი რამდენ კილომეტრზე გაჭიმონ, როგორი ტრანსფორმატორი დადგან და ა.შ.", - აღნიშნა გია არაბიძემ.
როგორც ენერგეტიკოსი აღნიშნავს, პრობლემის მოგვარებით რუსეთის მხარეც დაინტერესებულია, რომელსაც ოკუპირებულ აფხაზეთში დამატებითი რესურსების გამოყოფა არ სურს.
"განსაკუთრებით რუსები აღიარებენ პრობლემებს. მათი [აფხაზების] ელექტროენერგია, რომელიც შემოდის, არც თუ ისე ცოტაა. მარტში მოხმარებული ელექტროენერგიის 50% რუსეთიდან შემოტანილი ელექტროენერგიაა, დანარჩენი ენგურიდან მიეწოდა. აფხაზეთი მას [რუსეთს] ელექტროენერგიის თანხას ვერ აძლევს, ამიტომ რუსები ძალიან დაინტერესებულები არიან, რაც შეიძლება სწრაფად მოწესრიგდეს აფხაზეთის ელექტროსისტემა, რათა ინვესტიციებისა და სუბსიდიების ჩადება არ დასჭირდეთ", - აღნიშნა მან.
კითხვას: ტექნიკური ნაწილის გარდა, სისტემის გამართვაში საქართველოს მთავრობა ბიუეჯეტიდან თანხას გადაიხდის თუ არა, გია არაბიძე პასუხობს:
"ამაზე საუბარი არ ყოფილა. ის, რომ მე ამდენს გადავიხდი, შენ ამდენს, ამაზე მსჯელობა ჯერ არ ყოფილა. ახლა კონცეფციაზეა საუბარი, რა არის ტექნიკურად გასაკეთებელი, რომ სისტემა მოწესრიგდეს".