მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აფხაზეთს ელექტროენერგიას "გარდაბნის თბოელექტროსადგური" აწვდის - "ენგურჰესის" დირექტორი

გარდაბანი თბოსადგური

ენგურჰესის გაჩერების შემდეგ, ოკუპირებულ აფხაზეთს ელექტროენერგიას ქართული კომპანია აწვდის. აღნიშნული გუშინ აფხაზურ მედიასთან "ენგურჰესის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, ლევან მებონიამ დაადასტურა, თუმცა არ უთქვამს, რომელმა ქართულმა კომპანიამ ჩაანაცვლა ენგურის ჰიდროელექტროსადგური.

როგორც bmg-სთვის გახდა ცნობილი, საუბარია "გარდაბნის თბოელექტროსადგურზე". როგორც "ენგურჰესის" ტექნიკური დირექტორი, გია ხუბუა განმარტავს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან მიღწეული შეთანხმებით, როდესაც ენგურჰესი მუშაობას განაახლებს, გარდაბნის თბოელექტროსადგურს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიწოდებული ელექტროენერგიის მოცულობა უკან დაუბრუნდება.

"აფხაზეთს ახლა ქართული მხარე აწვდის [ელექტროენერგიას], მაგრამ მას ჩვენ დავუბრუნებთ, როცა ავმუშავდებით" , - თქვა მან.

- ქართული მხარე, კონკრეტულად, ვინ?

"ღვთის მადლით, გვაქვს თბობლოკები, არის უამრავი ჰესი. ძირითადად, ეს არის გარდაბნის თბობლოკები. არ ვიცი, ზუსტად რა მუშაობს, მაგრამ სიმძლავრე საკმარისია. მიწოდებული ელექტროენერგია აფხაზეთს ჩაეთვლება. სახელმწიფო, რა თქმა უნდა, ჩართულია", - განაცხადა გია ხუბუამ.

ოფიციალურ თბილისს ამ თემაზე საუბარი არ სურს. გუშინ ლევან დავითაშვილმა მედიასთან თქვა, რომ მისთვის უცნობია, რომელ კომპანიაზე საუბრობდა ლევან მებონია და აღნიშნა, რომ საკითხზე ლევან მებონიასთან კომუნიკაცია ექნებოდა.

აღსანიშნავია, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ BMG-ის არც ის ინფორმაცია დაუდასტურა, რომ 2023 წლის დეკემბრის ბოლოს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრი ქრისტინა ოზგანი ზუგდიდში ეკონომიკის მინისტრის უკვე ყოფილ მოადგილე რომეო მიქაუტაძეს შეხვდა.

ენერგეტიკოს გია არაბიძის განცხადებით, შეხვედრაზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე ქსელის მოწესრიგებაზე იყო საუბარი. მანამდე აფხაზურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოზგანმა მიქაუტაძეს ელექტროენერგიის მიწოდება სთხოვა.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები