მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

CFD-ის პირობებში უბალანსობაზე პასუხისმგებლები ინვესტორები იქნებიან - Galt & Taggart

635fe2195c162
მარიამ ვარადაშვილი
01.11.22 00:30
469
Galt & Taggart ანალიტიკოსი მარიამ ჩახვაშვილი ამბობს, რომ ენერგეტიკის სექტორში დაფინანსების ახალი სქემა სახელმწიფოსთვის PPA-თან შედარებით ნაკლები რისკის შემცველი იქნება.

როგორც მან “საქმის კურსში” განაცხადა, სახელმწიფოსთან კონტრაქტის დასრულების შემდეგ ამ კომპანიების თავისუფალ ბაზარზე გასვლა შედარებით მარტივად მოხდება.

“PPA-ის შემთხვევაში პირდაპირ სახელმწიფო კომპანია გიხდის ფულს და "ესკოსთან" გაქვს კონტრაქტი. ახალი მექანიზმის პირობებში ინვესტორი მიდის ბაზარზე, იქ ვაჭრობს და სახელმწიფო მხოლოდ ფასის რისკს უზღვევს. CFD-ის შემთხვევაში ინვესტორი უფრო ჩართულია ეკონომიკურ აქტივობაში. კიდევ ერთი განსხვავება არის ის, რომ უბალანსობის შემთხვევაში ინვესტორებს ამის საკუთარ თავზე აღება მოუწევთ. ანუ უფრო პასუხისმგებლიანი ინვესტორები იქნებიან, რომლებიც საკუთარ გენერაციას უფრო ზუსტად დაგეგმავენ. 10-15 წლის გასვლის შემდეგ კი საბაზრო პრინციპებზე შედარებით მარტივად გადავლენ. ფინანსთა სამინისტროს კუთხითაც სხვაობაა. კერძოდ, თუ PPA-ის შემთხვევაში სამინისტროს პირდაპირ ხარჯად ექნებოდა ჩასმული, ახლა საბაზრო რისკებიდან გამომდინარე, შედარებით ნაკლები მოცულობის თანხაზეა საუბარი”,-ამბობს ცახვაშვილი.

დღეს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ენერგეტიკის სექტორში დაფინანსების ახალი მოდელი ოფიციალურად წარადგინა. საუბარია ფასთაშორის სხვაობის დაბრუნების მოდელზე ე.წ CFD-ზე, რომლითაც ღარიბაშვილის ინფორმაციით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1 500 მგვტ სიმძლავრის სადგურების მშენებლობის ხელშეწყობა იგეგმება.

ახალი მექანიზმით საკონტრაქტო და საბაზრო ფასს შორის სხვაობას, ანუ კონტრაქტით გათვალისწინებული ფასსა და საბაზრო ღირებულებას შორის სხვაობის შემთხვევაში, სახელმწიფო ამ კომპანიებს დამატებით თანხას გადაუხდის. საუბარია იმ შემთხვევაზე, როცა საბაზრო ფასი კონტრაქტით გათვალისწინებულზე დაბალი იქნება.

ვრცლად: 1500 მეგავატი და ღია აუქციონი - მთავრობამ ენერგეტიკის მხარდაჭერის ახალი სქემა გაასაჯაროვა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები