მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს, სავარაუდოდ, ელექტროენერგიის ექსპორტიდან იგივე შემოსავალს ვერ მივიღებთ - ჩახვაშვილი

64a67babd696c
მარიამ ვარადაშვილი
06.07.23 22:30
489
Galt & Taggart-ის ანალიტიკოსი მარიამ ჩახვაშვილი ამბობს, რომ გასულ წელს თურქეთში ელექტროენერგიის მაღალი ფასი დროებითი ფაქტორი იყო და ნათლად ჩანდა, რომ ის დიდხანს არ გაგრძელდებოდა, ხოლო დღეს არსებული 8 ცენტი ნორმალური ფასია.

მისივე თქმით, მიმდინარე წლის ხუთ თვეში ქვეყანამ ამ მოცულობის ელექტროენერგიის ექსპორტი პირდაპირი საწარმოების მოხმარების შემცირების ხარჯზე შეძლო. საუბარია მაინიგ კომპანიებზე, ფეროშენადნობებსა და მეტალურგიულ სექტორზე.

“ამ საწარმოებში წარმოების შემცირებამ მიმდინარე წლის ხუთ თვეში თითქმის 10%-ით შეამცირა ელექტროენერგიის მოხმარება. ამან საშუალება მოგვცა ელექტროენერგიის ექსპორტი ადრე დაგვეწყო. ამას დაემატა თბოსადგურების გაზრდილი გენერაციაც. მთლიანობაში მივიღეთ ის, რომ მოხმარება შემცირდა და თბოსადგურების გაზრდილი გენერაციით ბაზარზე სიჭარბე გაჩნდა. რაც შეეხება პროგნოზს, ელექტროენერგიის საექსპორტო ფასი მაინც მაღალი რჩება. გასულ წელს თუ იყო 10 ცენტამდე საშუალო ფასი წელს 7.5-7.8 ცენტია, რაც მაინც მაღალი მაჩვენებელია. მთლიანობაში ექსპორტის შემოსავლების კუთხით შესაძლოა ისეთივე რეკორდული წელი არ გვქონდეს, მაგრამ მაინც კარგი წელი გვექნება გაყიდული ელექტროენერგიის რაოდენობას თუ დავაკვირდებით. მგონია, რომ მაინც იგივე რიცხვებზე გავალთ, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია თურქეთში არსებულ ფასზე. თურქეთის ფასის პროგნოზებს რომ ვუყურებთ სავარაუდოდ, 84 მლნ დოლარზე ვერ ავალთ, მაგრამ ახლოს ვიქნებით”,-აცხადებს ჩახვაშვილი.

მიმდინარე წლის ხუთ თვეში საქართველომ 416 მლნ კვტ.სთ-ის მოცულობის ელექტროენერგია გაიტანა ექსპორტზე.

სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ გამოქვეყნებული ბალანსიდან ირკვევა, რომ ქვეყანამ ექსპორტი სხვა წლებისგან განსხვავებით, აპრილშივე დაიწყო. აქედან მხოლოდ 61,27 მლნ კვტსთ. მოდის სომხეთზე, დანარჩენი ელექტროენერგია ქვეყანამ თურქეთში გაყიდა. მთავრობის მიერ დამტკიცებული საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, 2023 წელს ელექტროენერგიის ექსპორტი მილიარდ კვტსთ საათს მიაღწევს, რაც რეკორდული მაჩვენებელი იქნებ. ამასთან, ქვეყანა ელექტროენერგიის ექსპორტს აპრილ-ივლისის ჩათვლით განახორციელებს.

საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წელს საქართველომ ექსპორტზე ჯამში 30 მილიონი დოლარის ღირებულების ელექტროენერგია გაიტანა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაახლოებით 26%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

ყველაზე დიდი მოცულობის ელექტროენერგია 2023 წლის პირველ ხუთ თვეში თურქეთში გავიდა, სადაც ექსპორტის მოცულობამ თითქმის 27 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 25%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. სომხეთში კი საქართველომ დაახლოებით 3 მლნ დოლარის ღირებულების ელექტროენერგია გაიყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები