წელს საქართველომ ელექტროენერგიის ექსპორტი ფაქტობრივად განახევრებული მაჩვენებლებით დაასრულა.
ექსპერტები ამბობენ, რომ ბაზარი რეალურ მაჩვენებელს უბრუნდება და წინა წლების ზრდა დროებითი იყო. რამ შეამცირა ექსპორტი და რა ხდება საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიის მთავარ ბაზარზე თურქეთში, სადაც ფასი და მოთხოვნა ჩვენი ექსპორტის ბედს წყვეტს?
საქართველოდან დენის ექსპორტი ძირითადად მაისიდან იწყება და აგვისტოს ჩათვლით გრძელდება. წლის სხვა პერიოდში ქვეყანა თავად ყიდულობს ელექტროენერგიას, ძირითადად რუსეთიდან. დეფიციტის შესავსებად თბოსადგურებს იმპორტირებულ გაზზე ამუშავებს.
სახელმწიფო ელექტროსისტემის გამოქვეყნებული სტატისტიკით, იანვარ-აგვისტოს მდგომარეობით ექსპორტზე 505 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გავიდა, რაც წლიურად 52%-ით შემცირებული მაჩვენებელია. დენის ექსპორტში 2024 წელსაც კლება იყო. ბოლო წლების სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოდან დენის ექსპორტი იზრდებოდა და რეკორდულ ნიშნულს 1.468 მლნ კვტ.სთ 2023 წელს მიაღწია. გასულ წელს კი 1 047 მლნ კვტ.სთ-მდე შემცირდა.
ელექტროენერგიის ექსპორტი:
- 2025 წელი (იანვარ-აგვისტო) - 505 მლნ კვტ.სთ;
- 2024 წელი - 1 047 მლნ კვტ.სთ;
- 2023 წელი - 1 468 მლნ კვტ.სთ;
- 2022 წელი - 971 მლნ კვტ.სთ;
"წელს საექსპორტო წელი დაიწყო მაისში და დასრულდა აგვისტოს პირველივე დღეებში. შეგვიძლია ვთქვათ, რომ შარშანდელი და შარშანწინდელი გამონაკლისები დასრულდა. 2023 და 2024 იყო გამონაკლისი წლები, როდესაც იმდენად მიმზიდველი იყო თურქეთის ბაზარზე ფასი, რომ თბოსადგური მუშაობდა იმისთვის, რომ ექსპორტი განხორციელებულიყო. წელს უკვე დავუბრუნდით იმ რეალობას, როდესაც ისეთი სარფიანი აღარ არის თურქეთის ბაზარზე ექსპორტის გაკეთება და ამიტომ უკვე ქვეყანა და ენერგეტიკული ბალანსი მუშაობს სტანდარტული ჩვეულებრივი რეჟიმით", - აცხადებს Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის უფროსი მარიამ ჩახვაშვილი.
2023 წელს რეკორდული ექსპორტის მიზეზი თურქეთში გაზრდილი ფასი იყო. ფასმა შემცირება შარშან დაიწყო და წელსაც გაგრძელდა, რასაც ექსპორტიდან შემოსავლების კლება მოჰყვა. ასე მაგალითად, თუ 2024 წელს ქვეყანამ დენის ექსპორტიდან 49 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, წელს შემოსავლები 53%-ით 23 მლნ დოლარამდე შემცირდა.
ET SYNERGY-ის დამფუძნებელი მერაბ ლომინაძე ამბობს, რომ დენის ექსპორტი რეალურ მაჩვენებელს უბრუნდება და ბოლო ორი წლის რეკორდული მოცულობები გამონაკლისი იყო. ლომინაძე ფიქრობს, რომ შეზღუდული საექსპორტო ბაზრების პირობებში, როცა ქვეყანას რეალურად მხოლოდ თურქეთის ბაზარი აქვს, მთავრობის პრიორიტეტი დენის შიდა მოხმარების ზრდა უნდა იყოს, რაც უმთავრესად მძიმე მრეწველობის დარგის განვითარებით მიიღწევა.
“წლევანდელი წლის შედეგი რამდენიმე ასპექტისგან შედგებოდა. პირველი თურქეთში გენერაციის ზრდაა. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში, თურქეთში 39%-ით გაიზარდა მზის სადგურების დადგმული სიმძლავრე და რამდენიმე მსხვილი ჰიდროსადგური გაეშვა ექსპლუატაციაში, რამაც გაზარდა მათი გენერაციის პოტენციალი. ამან შეამცირა მოთხოვნა გარედან ელექტროენერგიის მიღებაზე. ამავდროულად დაახლოებით 25% თურქეთის მოხმარების მეტალურგიულ კომპანიებზე მოდის, რომლებიც უკვე ორი წელია კრიზისში არიან. აქედან გამომდინარე, კომპანიებს შემცირებული აქვთ საწარმოო სიმძლავრეები. ამიტომ მათი მხრიდან ელექტროენერგიაზე მოთხოვნა შემცირებულია. ამ ორმა ფაქტორმა ნეგატიურად იმოქმედა ფასწარმოქმნაზე და თურქეთში აღარ ფიქსირდებოდა ის მაღალი ფასები, რასაც 2023-ში ვხედავდით", - ამბობს ლომინაძე.
ექსპორტის რეალური მაჩვენებელი ჩამორჩება მთავრობის მოლოდინსაც. ყოველწლიურად მთავრობა ელექტროენეგიის საპროგნოზო ბალანსს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც წელს დენის ექპოსტი დაახლოებით 200 მლნ კვტ.სთ-ით მეტი უნდა ყოფილიყო.
საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგია ძირითადად თურქეთში იყიდება და დენს აზერბაიჯანსა და სომხეთში მხოლოდ მცირე მოცულობით ვყიდით. რაც შეეხება რუსეთს, ჩრდილოელ მეზობელთა სავაჭრო ბალანსი ამ მხრივ წმინდად უარყოფითია. წლევანდელი სტატისტიკა აჩვენებს, რომ ექსპორტირებული ელექტროენერგიის თითქმის 80% თურქეთში გაიყიდა, დანარჩენი კი სომხეთსა და აზერბაიჯანზე გადანაწილდა.
ენერგეტიკოსი არჩილ მამათელაშვილი ამბობს, რომ გენერაციის ობიექტების დამატების პირობებშიც კი ქართულ დენზე თურქეთში მოთხოვნა მომდევნო წლებშიც შენარჩუნდება.
"თურქეთში ელექტროენერგიის მოხმარებამ 300 მილიარდ კილოვატს გადააჭარბა. ჩვენი 500-600 მილიონი მათი ბაზრისთვის ზღვაში წვეთია. ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ ეს მოცულობა თურქეთის ბაზრის ზღვარია. ვფიქრობ, თურქეთის ბაზარი აიტანს, თუ ჩვენ იმ ფასში მივაწვდით, რა ფასიც მათთვის მისაღები იქნება. ეს იქნება დაახლოებით 3-4-5 ცენტის ფარგლებში. ეს არის ფასი, რომლითაც თურქებმა შეიძლება იყიდონ კილოვატ-საათი ელექტროენერგია", - ამბობს ის.
ელექტროენერგიის ექსპორტთან ერთად შემცირებულია ტრანზიტიც. საქართველოს გადამცემ ხაზებს დენის თურქეთში გასატანად ძირითადად აზერბაიჯანი იყენებს, საიდანაც ქვეყანა შემოსავალს იღებს. 2022-2023 წლებში დენის ტრანზიტიც რეკორდულად გაიზარდა და 3.4 მლრდ კვტ.სთ გადააჭარბა. წელს 8 თვეში ტრანზიტის მოცულობა მხოლოდ 422 მლნ კვტ.სთ იყო.




























