მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სსე შემნახველი ბატარეების პროექტის საკონსულტაციო მომსახურებაზე ₾4.3-მილიონიან ტენდერს აცხადებს

ელექტროსისტემა

სახელმწიფო ელექტროსისტემამ (სსე) 4 342 464 ლარის ტენდერი გამოაცხადა ენერგიის შემნახველი ბატარეების პროექტის საზედამხედველო და საკონსულტაციო მომსახურებაზე.

ელექტროენერგიის შემნახველი ბატარეების პროექტს სახელმწიფო ელექტროსისტემა აზიის განვითარების ბანკის (ADB) სესხით ახორციელებს.

პროექტი თბილისთან ახლოს, ქსნის ქვესადგურში, ელექტროენერგიის შემნახველი ბატარეების სისტემის (BESS) პროექტირებას, მიწოდებას, ინსტალაციასა და ექსპლუატაციაში მიღებას ითვალისწინებს.

ამ პროექტის ფარგლებში სსე-მ გამოაცხადა კონკურსი საერთაშორისო საინჟინრო და საკონსულტაციო კომპანიის შესარჩევად, რომელიც პროექტის სრულ მართვასა და ზედამხედველობას უზრუნველყოფს.

გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს ბატარეების სისტემის (BESS) დეტალური საინჟინრო დიზაინის, ნახაზების, პარამეტრების და ტექნიკური დოკუმენტების შემოწმება. ასევე ქარხნულ და ობიექტზე ჩატარებულ ტესტირებებზე (FAT და SAT) დასწრება და სისტემის გამართული მუშაობის დადასტურება.

ტენდერში მონაწილე კომპანიას 2018 წლიდან უნდა ჰქონდეს მინიმუმ ერთი დასრულებული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების (ADB, მსოფლიო ბანკი ან მსგავსი) მიერ დაფინანსებული ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურული პროექტის ზედამხედველობის გამოცდილება.

ტენდერში წინადადებების მიღება 2 აგვისტოს დაიწყება და 8-ში დასრულდება. აღსანიშნავია, რომ პროექტი ელექტროსისტემისთვის ADB-ის მიერ გამოყოფილი 104 მილიონი დოლარის ღირებულების კრედიტით ხორციელდება, რომლის ფარგლებშიც ქვეყანაში პირველი მსხვილი, 200 მეგავატიანი ენერგოდამაგროვებელი სადგური უნდა აშენდეს.

ცნობისთვის: 2026 წლის ბიუჯეტის თანახმად, წლის პირველ ნახევარში ამ მიმართულებით 35 მილიონი ლარის ათვისება იყო განსაზღვრული, თუმცა ჯერჯერობით, ხარჯვა 0 ლარია. 200 მეგავატ საათის ტევადობის ელექტრობატარეა მცხეთის მუნიციპალიტეტში, ქვესადგურ "ქსანი 500"-ის მიმდებარედ განთავსდება და ის ძირითადად ავარიული თუ პიკური დატვირთვის დროს უწყვეტ ელექტრომომარაგებაზე იქნება პასუხისმგებელი.

BMG-მ სახელმწიფო ელექტროსისტემას მიმართა კითხვებით პროექტთან დაკავშირებით. კერძოდ, რა ვადებში უნდა მოხდეს ADB-ის კრედიტის ათვისება; როგორ იქნება ეს ბიუჯეტში გაწერილი და როდის დასრულდება საბოლოოდ პროექტი. უწყებიდან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები