მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წელს თურქეთში ელექტროენერგიის ფასი, სავარაუდოდ, 8 ცენტს არ ასცდება - მარიამ ჩახვაშვილი

ელექტროენერგია

თურქეთის ბაზარზე ელექტროენერგიის ღირებულება შემცირდა. თუ ენერგეტიკული კრიზისის დროს ფასი 20 ცენტამდე გაიზარდა, ახლა ფასი 7,5-8 ცენტრის ფარგლებში მერყეობს. მიუხედავად ფასის ვარდნისა, საქართველოსთვის თურქეთში ელექტროენერგიის ექსპორტი კვლავ ძირითად მიმართულებად დარჩება. ასეთი მოლოდინი აქვს Galt &Tagart-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროს მარიამ ჩახვაშვილს. მისი თქმით, 2024 წელსაც მთავრობა შეეცდება, ელექტროენერგიის მაქსიმალური ექსპორტი განახორციელოს, თუმცა მომავალ წელს ელექტროენერგიის ფასი თურქეთში, სავარაუდოდ, 8 ცენტს არ ასცდება.

„2024 წელსაც ალბათ მთავრობა შეეცდება, რომ ექსპორტის მაქსიმიზაცია გააკეთოს. ფასები ისევ აწეულია და მოთხოვნა ქართულ ბაზარზე არის, რომ ექსპორტი გაკეთდეს, თუმცა 2024 წელს 8 ცენტს არ ასცდება ალბათ თურქეთის ფასი. ასეთი მოლოდინები გვაქვს, შეიძლება ნაკლებიც იყოს.

საქართველოში ფასი არის 5,5 ცენტი, წელს საშუალოდ ეს ფასი იყო და მოსალოდნელია, რომ 2024 წელსაც ეს იქნება. შეიძლება რაღაც თვეებში 6 ცენტზეც ავიდეს. როდესაც თურქეთის ბაზარი გთავაზობს 8 ცენტს, 1,5 ცენტი მიდის გატარების მოსაკრებელში და [თურქეთში] მაინც შედარებით მაღალი ტარიფი გამოდის“,-აცხადებს მარიამ ჩახვაშვილი.

წელს საქართველომ ექსპორტზე რეკორდული მოცულობის ელექტროენერგია გაყიდა. 2023 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ექსპორტირებულია 1,4 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია. 9 თვეში ელექტროენერგიის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალიც რეკორდულია და 103 მლნ დოლარს აღემატება. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 84 მლნ დოლარს შეადგენდა.

ექსპორტირებული ელექტროენერგიის თითქმის 89% თურქეთზე მოდის. წლის განმავლობაში 1,3 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია სწორედ თურქეთის ბაზარზე გავყიდეთ. 2023 წლის 9 თვეში 5.1 მლნ დოლარის ღირებულების ელექტროენერგია გაყიდა ქვეყანამ აზერბაიჯანში, 4.1 მლნ-მდე გაიზარდა სომხეთში გატანილი ელექტროენერგიის ექსპორტიც.

"Galt&Tagart-ის" კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსი აცხადებს, რომ საქართველოს შეუძლია ბაზრების დივერსიფიცირება და ამ მხრივ რაიმე ტექნიკური შეფერხება არ არსებობს.

„ტექნიკურად ბაზრების დივერსიფიცირება შეგვიძლია. გადამცემი ხაზები ყველა მეზობელ სახელმწიფოსთან გვაქვს, აქ არის ინტერესის და ფასის ამბავი. როცა 2020 წელს თურქეთში ფასები შემცირდა, მაშინ სომხეთის ბაზარი გააქტიურდა, რადგან იქ უკეთესი ტარიფები იყო. როცა ფასმა აიწია თურქეთში, ყველა მიტრიალდა იქითკენ. ტექნიკური შეზღუდვები ამ ნაწილში არ არის“,-აცხადებს მარიამ ჩახვაშვილი.

მომავალ წელს ექსპორტი კვლავ მაღალ ნიშნულზეა პროგნოზირებული.ეკონომიკის სამინისტროს პროგნოზით, საექსპორტო ბაზრებზე 774 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის გატანა ივარაუდება, თუმცა ეს მაჩვენებელი შესაძლოა დაკორექტირდეს, რასაც წარმოება/ მოხმარების მაჩვენებლები და საექსპორტო, ძირითადად, თურქეთის ბაზარზე არსებული ფასი განაპირობებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები