მიმდინარე წელს საქართველომ ექსპორტზე რეკორდული მოცულობის ელექტროენერგია გაყიდა. თუ გასულ წელს ჯამურად, 971 მლნ კილოვატ საათი მოცულობის ელექტროენერგია გავიდა ექსპორტზე, მიმდინარე წლის 8 თვეში უკვე ექსპორტირებულია 1,3 მილიარდ კილოვატ საათზე მეტი ელექტროენერგია. შესაბამისად, გაიზარდა ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები. იანვარ-აგვისტოში ქვეყანამ ელექტროენერგიის ექსპორტიდან 94 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო, ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23%-ია.
მეზობელი სახელმწიფოებიდან ექსპორტის უდიდესი წილი, თითქმის 88%, თურქეთზე მოდის. 2023 წლის 8 თვეში თურქეთში ექსპორტირებულია 1,1 მილიარდ კილოვატ საათზე მეტი ელექტროენერგია, რომლის ღირებულება 85 მლნ დოლარს შეადგენს. ეს დაახლოებით 13 მლნ დოლარით გაზრდილი მაჩვენებელია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
სპეციალისტების განმარტებით, ელექტროენერგიის ექსპორტის ასეთი რეკორდული ზრდა მოხმარების შემცირებამ და თბოსადგურების გაზრდილმა გენერაციამ განაპირობა.
აღსანიშნია, რომ გასულ წელს თურქეთში გასაყიდი ელექტროენერგიის ფასი 11 ცენტის ფარგლებში იყო, წელს საშუალო ტარიფი 7,5 ცენტის ფარგლებია. ტარიფის კლების მიუხედავად, "თრეიდინგ სოლუშენის" მმართველი პარტნიორის მერაბ ლომინაძის შეფასებით, თურქეთი საქართველოსთვის ძირითად საექსპორტო ბაზრად რჩება და ენერგეტიკაში მოღვაწე ქართული კომპანიები ცდილობენ, ამ ბაზარზე თავი დაიმკვიდრონ.
„ელექტროენერგია გახლავთ ერთ-ერთი ის პროდუქტი, რომელიც შეიძლება გახდეს სხვა პროდუქციასთან ერთად საქართველოსთვის ძირითადი საექსპორტო საქონელი. მნიშვნელოვანია ჩვენი ადგილი დავიკავოთ მეზობელ ქვეყნებში და შევაჩვიოთ ეს ქვეყნები, რომ ჩვენგან შესაძლებელია ელექტროენერგიის შესყიდვა.
ზამთარში, როცა ჩვენ საკუთარი ენერგია არ გვაქვს, უნდა დავაკმაყოფილოთ ის მოთხოვნა, რომელიც ბაზარზე არსებობს, ტრანზიტს ვგულისხმობ და ვფიქრობ, ძალიან სწორი გადაწყვეტილება გახლავთ ის, როცა თბოსადგურები ჩვენს შემთხვევაში მუშაობენ ე.წ სუბსიდირებულ გაზზე ანუ სოციალური ტარიფით არსებულ გაზზე და ის ნარჩენი ელექტროენერგია, რომელიც ჭარბად რჩება, გაედინება თურქეთის მიმართულებით, რადგან თურქეთის მიმართულება გახლავთ ამ ეტაპზე ფაქტობრივად ერთადერთი საექსპორტო მიმართულება. ამით ქართული კომპანიები და ენერგეტიკაში მოღვაწე ადგილობრივი ფირმები თავის ადგილს იმკვიდრებენ თურქულ ბაზარზე.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ დღეის მდგომარეობით თურქეთში შეინიშნება ეკონომიკური კრიზისის ნიშნები, წინაპირობა ამის ნამდვილად არის. ამ პირობებშიც კი ჩვენი კომპანიები უზრუნველყოფენ თურქული ბაზრის ელექტროენერგიით მომარაგებას, ამიტომ ვფიქრობ, რომ სახელმწიფო პოლიტიკა ამ მიმართულებით, ნამდვილად სწორია, მით უფრო ამ შემთხვევაში ხდება ადგილობრივი ბაზრის დასტაბილურება ფასების თვალსაზრისით. თუ გადავავლებთ თვალს, ზამთრის პერიოდში სტაბილურია ესკოს ფასები, რაც მნიშვნელოვნად უჩენს ენერგეტიკაში ჩართულ კომპანიებს იმ განცდას, რომ ამ დარგში სტაბილურობა შეიმჩნევა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად“,-აცხადებს ლომინაძე.