მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს ელექტროენერგიის ექსპორტი სავარაუდოდ, 800-900 მლრდ კვტ.სთ-მდე იქნება - მერაბ ლომინაძე

განახლებადი ენერგია

"თრეიდინგ სოლუშენის" მმართველი პარტნიორი ვარაუდობს, რომ რეგიონში შემცირებული მოთხოვნის ფონზე, მიმდინარე წელს საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი 800-900 მლრდ კვტ.სთ-მდე შემცირდება.

როგორც მერაბ ლომინაძემ BMG-ის განუცხადა, საქართველოს ძირითად საექსპორტო ბაზრებზე, როგორც თურქეთში, ასევე სომხეთში ენერგორესურსების იმპორტზე მოთხოვნა შემცირებულია, რაც ქართული გენერაციის ობიექტებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

"თრეიდინგ სოლუშენის" მმართველი პარტნიორის ინფორმაციით, თურქეთში კვტ.სთ-ზე ფასი ამ დროისთვის 6-7 ცენტამდეა შემცირებული, რაც გასულ წელთან შედარებით ექსპორტს ნაკლებად მომგებიანს ხდის.

„დღევანდელი ვითარება ისაა, რომ რეგიონის ქვეყნებში სახეზე გვაქვს კრიზისული ვითარება ან წინაკრიზისული პერიოდი. თურქეთში შარშან ელექტროენერგიის მოხმარება 15%-ით შემცირდა, ხოლო წლევანდელი მოთხოვნა შარშანდელის ნიშნულზეა. შესაბამისად, საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტზე მოთხოვნა შემცირებულია და ქართული გენერაციის ობიექტებისთვის ეს დიდი გამოწვევაა. იქმნება რისკი, რომ წყალუხვობის პერიოდში, როგორიცაა მაისი, ჰესების ნაწილს წყლის დაღვრა მოუწიოთ. ვიცით, რომ ამჟამად გენერაციის ობიექტების წარმომადგენლები სახელმწიფო უწყებებთან ერთად გარკვეულ გამოსავალზე მსჯელობენ. მაგალითად, საუბარია იმაზე, რომ წყალსაცავის მქონე ჰესებმა გენერაცია შეზღუდონ, რაც სხვა ობიექტებს მისცემს საშუალებას, რომ წყალი არ დაღვარონ.

რაც შეეხება ექსპორტის მოლოდინებს, შარშანდელი რეკორდული წლის გამეორება შეუძლებელი იქნება, რაც სწორედ იმითაა გამოწვეული, რომ რეგიონის ქვეყნებში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა შემცირებულია. თურქეთთან ამჟამად არსებული შეთანხმებით, წყალუხვ თვეებში 200 მეგავატის მოცულობის გატანა შეგვიძლია, თუკი ამას აზერბაიჯანის და სომხეთის ბაზარსაც დავამატებთ, ვფიქრობ, წელს ელექტროენერგიის ექსპორტი სავარაუდოდ, 800-900 მლრდ კვტ.სთ-ის ფარგლებში იქნება“, - განაცხადა მერაბ ლომინაძემ.

ცნობისთვის, შარშან საქართველოდან ექსპორტზე რეკორდული მოცულობის 1.47 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგია გავიდა, რაც 51%-ით აღემატებოდა 2022 წლის მაჩვენებელს. ექსპორტიდან მიღებულმა ჯამურმა შემოსავალმა კი 103 მლნ დოლარი შეადგინა. მთავარი საექსპორტო ბაზარი თურქეთი იყო. თუმცა ამჟამად თურქეთის ბაზარზე ენერგორესურსებზე მოთხოვნისა და ფასების კლების ფონზე, მოლოდინია, რომ წელს საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი შემცირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები