„ძალიან მნიშვნელოვანია გაზაფხულისთვის მეზობელ ქვეყნებთან ელექტროენერგიის ექსპორტთან დაკავშირებით შეთანხმება შედგეს, - ამის შესახებ საქმიან დილაში სტუმრობისას კომპანია "თრეიდინგ სოლუშენის" მმართველმა პარტნიორმა მერაბ ლომინაძემ განაცხადა. პოტენციურ საექსპორტო ბაზრებად თურქეთთან ერთად, სომხეთიც განიხილება. მერაბ ლომინაძის თქმით, ექსპორტის ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანია საჭირო ინფრასტრუქტურის გამართვა, განსაკუთრებით თურქეთის მიმართულებით.
„წელს რეკორდულ მაჩვენებელზე გავედით, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გამოწვევები არ არსებობს. გამოწვევები არის არამხოლოდ ინფრასტრუქტურულ ნაწილში, ვგულისხმობ იმ გადამცემ ხაზებს, რომლითაც ხორციელდება ექსპორტი, არამედ იმაშიც, რომ თურქეთმა თავად დაამატა გენერაციის ობიექტები, განსაკუთრებით ჩრდილო-აღმოსავლეთით და ამ რეგიონში არსებული რეჟიმების დაკავება ენერგეტიკული თვალსაზრისით ისე, რომ საქართველოდან ხორციელდებოდეს ექსპორტის მაქსიმალური ოდენობა, შეიძლება გაჭირდეს. ამას ემატება შემდეგი გამოწვევაც, რომ საქართველოში თვითონ ელექტროენერგიის მოხმარების მოცულობა მცირდება, იგივე სიტუაცია გახლავთ თურქეთში.
რაც შეეხება, რა მოხდება გაზაფხულზე, ძალიან მნიშვნელოვანია მეზობელ ქვეყნებთან მიღწეულ იქნეს შეთანხმება ექსპორტთან დაკავშირებით. ჩვენს ქვეყანაში გაზაფხულის წყალუხვობის პერიოდი არის ის დრო, როდესაც ჭარბი ელექტროენერგია გაგვაჩნია და შეგვიძლია ეს გავიტანოთ ექსპორტზე. მოლაპარაკება და შეთანხმება უნდა მოხდეს თურქულ მხარესთანაც, შესაძლებელია რომ მოხდეს სომხეთთანაც. ჩვენ წელს შევძელით ელექტროენერგიის სომხეთში გატანაც, რადგან სომხეთის შემთხვევაში მათ ელექტროენერგიის ძირითად წყაროდ აქვს ატომური ელექტროსადგური, რომელიც საჭიროებს ყოველწლიურად სარემონტო სამუშაოებს.
თუ შეჯერება მოხდა, როდის და რა პერიოდით დაიგეგმება, მაშინ ეს ბაზარიც კვლავაც გაიხსნება ჩვენთვის, ამიტომ ვფიქრობ, მომავალი წელი იქნება გამოწვევებით აღსავსე განსაკუთრებით ადგილობრივ ბაზარზე, რადგან ელექტროენერგიის ძირითადი მომხმარებელი გარდა სადისტრიბუციო კომპანიებისა მაინც გახლდათ მეტალურგია. ეს ის დარგია, რომელიც მოიხმარდა 25-30%-ს და მსოფლიო ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი საწარმო ან სრულად გაჩერებულია ან შემცირებულია მათი მოხმარება. ეს ნიშნული უნდა დაბრუნდეს ძველ დონეზე, რადგან გაისად ჩვენი ვარაუდით, ენერგეტიკული თვალსაზრისით კიდევ უფრო კარგი წელი იქნება, ვიდრე წელს, ანუ ელექტროენერგია იქნება უფრო მეტი, მათ შორის გაზაფხულზე, ხოლო ადგილობრივი მოხმარება თუ იქნება შემცირებული ეს იქნება ძალიან დიდი გამოწვევა, რომ არ მოხდეს წყლის დაღვრა“,-აცხადებს მერაბ ლომინაძე.
წელს საქართველომ ექსპორტზე რეკორდული მოცულობის ელექტროენერგია გაყიდა. 2023 წლის იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, ექსპორტირებულია 1,4 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია. 9 თვეში ელექტროენერგიის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალიც რეკორდულია და 103 მლნ დოლარს აღემატება. გასულ წელს ეს მაჩვენებელი 84 მლნ დოლარს შეადგენდა.
ექსპორტირებული ელექტროენერგიის თითქმის 89% თურქეთზე მოდის. წლის განმავლობაში 1,3 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია სწორედ თურქეთის ბაზარზე გავყიდეთ. 2023 წლის 9 თვეში 5.1 მლნ დოლარის ღირებულების ელექტროენერგია გაყიდა ქვეყანამ აზერბაიჯანში, 4.1 მლნ-მდე გაიზარდა სომხეთში გატანილი ელექტროენერგიის ექსპორტიც.