კომპანია „თრეიდინგ სოლუშენის“ მმართველი პარტნიორი მიიჩნევს, რომ მთავრობამ გასულ პერიოდში ენერგეტიკის დარგის მხარდამჭერი მექანიზმების ფარგლებში შეთანხმებულ პროექტებს უნდა გადახედოს.
როგორც მერაბ ლომინაძემ BMG-ს განუცხადა, არაერთი პროექტია, რომელზეც გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების მემორანდუმებია გაფორმებული, თუმცა ობიექტების მშენებლობა ამ დრომდე არაა დაწყებული და რიგ შემთხვევებში შესაბამისი კვლევებიც არ ჩატარებულა. მისი თქმით, მსგავსი ფაქტები ფიქსირდება პირველ CFD აუქციონთან მიმართებაშიც.
მერაბ ლომინაძის თქმით, კომპანიების ნაწილი ენერგოპროექტებში მათი შემდგომი გადაყიდვის მიზნით შედის, რაც საბოლოოდ ხელს უშლის ქვეყანაში ენერგოობიექტების მშენებლობას.
„ბევრი პროექტია, რომელსაც გასულ პერიოდში PPA გაუფორმდა, თუმცა მასთან მიმართებაში ინვესტორს კვლევებიც არ ჩაუტარებია და მშენებლობა არ მიმდინარეობს. იგივე მდგომარეობაა პირველ CFD აუქციონში გამარჯვებული ობიექტების ნაწილშიც. ამიტომ უფრო ზედმიწევნით უნდა მივუდგეთ ინვესტორების შერჩევას და ზოგადად ენერგეტიკის დარგში ინვესტორების ხარისხის ამაღლება უნდა მოხდეს. ძალიან ბევრი კომპანიაა, რომელიც ენერგოპროექტებში სპეკულაციური მიზნებისთვის იღებს მონაწილეობას, აიღებენ CFD ტარიფს და მერე ცდილობენ, რომ ეს პროექტი ადგილობრივ ინვესტორებზე გადაყიდონ. ეს თავის მხრივ, ხელს უშლის საინვესტიციო კლიმატის ჩამოყალიბებას ამ დარგში და ინვესტიციების განხორციელებას.
მთავარი ისაა, რომ ენერგოობიექტების მშენებლობა დაიწყოს. ამიტომ ის კომპანიები, რომლებსაც მოგებული აქვთ აუქციონი ანდაც მათთან PPA მემორანდუმებია გაფორმებული, მათი რევიზია უნდა მოხდეს და რეალურად უნდა განისაზღვროს, მუშაობენ თუ არა ეს კომპანიები პროექტებზე. თუ დადგინდება, რომ ისინი არ მუშაობენ და სპეკულაციური მიზნით აქვთ ეს პროექტები მოგებული, ამ შემთხვევაში, ადეკვატური რეაქცია უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს. კერძოდ, მათ უნდა ჩამოერთვათ ეს ტარიფები, გაუქმდეს მემორანდუმები და იმ ინვესტორებს გადაეცეთ, ვინც შეძლებს ამ პროექტების განხორციელებას“, - განაცხადა მერაბ ლომინაძემ.