თურქეთის ბაზარზე ენერგორესურსებზე ფასების კლების ფონზე, მოლოდინია, რომ წელს საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი შემცირდება.
როგორც Galt & Taggart-ის უფროსმა ანალიტიკოსმა, მარიამ ჩახვაშვილმა BMG-ის განუცხადა, სავარაუდოა, რომ მიმდინარე წელს საქართველოდან როგორც მოცულობით, ასევე თანხობრივად ელექტროენერგიის ექსპორტი შემცირდება.
მისი თქმით, ელექტრონერგიაზე შემცირებული მოთხოვნის ფონზე, თურქეთში კვტ.სთ-ზე ფასი ამ დროისთვის 6.5 ცენტამდეა შემცირებული, რაც გასულ წელთან შედარებით ექსპორტს ნაკლებად მომგებიანს ხდის.
თუმცა მისი თქმით, შემცირებული ფასების მიუხედავად, მოლოდინია, რომ ქართული კომპანიების ნაწილისთვის ზაფხულის სეზონზე ელექტროენერგიის ექსპორტი მაინც საინტერესო იქნება.
„როდესაც თურქეთში ფასები 15 და 18 ცენტზე იყო ასული, მაშინ, რა თქმა უნდა, ბევრად მეტი იყო კომპანიების მხრიდან ინტერესი, რომ ელექტროენერგიის ტრანზიტი და ექსპორტი განეხორციელებინათ. ახლა თურქეთში ფასები უკვე დაახლოებით 6.5 ცენტზეა ჩამოსული, შესაბამისად, ბუნებრივია, რომ კომპანიების ინტერესი ამ მიმართულებით შედარებით განელებულია. თუმცა ქართველი ექსპორტიორების გადმოსახედიდან მაინც მომგებიანი რჩება თურქეთის ბაზარი, რადგან ამ ფასის პირობებშიც, დაახლოებით 1 ცენტიანი სხვაობა მაინც რჩება თურქეთისა და ჩვენს ადგილობრივ ფასებს შორის. თუმცა როგორც არ უნდა გაიზარდოს ზაფხულის სეზონზე თურქეთში მოთხოვნა, ვფიქრობ, ფასი 8 ცენტს მაინც არ გადააჭარბებს. თავად ეკონომიკის სამინისტროს პროგნოზია, რომ წელს საქართველოდან ექსპორტის მოცულობა დაახლოებით 800 მლნ კვტ.სთ იქნება. კარგი ჰიდროლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ამაზე მეტი ელექტროენერგიაც გავიტანოთ ექსპორტზე, თუმცა ალბათ შარშანდელივით რეკორდულ წელი ვერ იქნება, ვერც რაოდენობრივად და ვერც თანხობრივად“, - განაცხადა მარიამ ჩახვაშვილმა.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან ელექტროენერგიის ტრანზიტი შემცირდა. სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, წელს ორ თვეში საქართველოს გავლით თურქეთს სულ 177 მლნ კვტ.სთ მოცულობის ელექტროენერგია მიეწოდა. შესაბამისად, წლიურ ჭრილში 80%-იანი კლება ფიქსირდება.
ენერგეტიკის დარგის წარმომადგენლები ტრანზიტის შემცირების მთავარ მიზეზად თურქეთში ელექტროენერგიაზე მოთხოვნისა და ფასების კლებას ასახელებენ.
რაც შეეხება ექსპორტს, შარშან ექსპორტზე 1.47 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგია გავიდა, რაც 51%-ით აღემატებოდა 2022 წლის მაჩვენებელს. ექსპორტიდან მიღებულმა ჯამურმა შემოსავალმა კი 103 მლნ დოლარი შეადგინა. მთავარი საექსპორტო ბაზარი თურქეთი იყო.