მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარ-აპრილში თურქეთში ელ.ენერგიის ექსპორტიდან ქვეყანამ $2,3 მილიონის შემოსავალი მიიღო

გადამცემი ხაზები

საქართველომ ელექტროენერგიის ექსპორტი დაიწყო. ძირითადი საექსპორტო ბაზარი კი კვლავ, თურქეთია. სახელმწიფო ელექტროსისტემის მონაცემებით, გასულ თვეში 51 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია გავიტანეთ ექსპორტზე თურქეთში, საიდანაც ქვეყანამ 2,3 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. თურქეთი კვლავ მთავარი საექსპორტო ბაზარია საქართველოსთვის, მანამდე მცირე მოცულობით ექსპორტი განხორციელდა სომხეთის მიმართულებით, ჯამურად წლის პირველ 4 თვეში კი ექსპორტირებულია 58 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია, რაც განახევრებული მაჩვენებელია წინა წელთან შედარებით.

შემცირებულია ექსპორტიდან მიღებული შემოსავლებიც, რაც საექსპორტო ბაზრებზე ელექტროენერგიის ფასის ვარდნით არის განპირობებული. თუ საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასი გასულ წელს ერთ კილოვატსაათზე 7 ცენტს აჭარბებდა, ახლა ეს მაჩვენებელი 5 ცენტამდეა შემცირებული.

Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის სექტორის უფროსი მარიამ ჩახვაშვილი აღნიშნავს, რომ კარგი ჰიდროლოგია გვაქვს, თუმცა წელს ელექტროენერგიის ექსპორტი შარშანდელივით რეკორდული ვერ იქნება.

პირველი 4 თვით რაც შეგვიძლია ვთქვათ არის ის, რომ რაოდენობრივადაც დაკლებულია ექსპორტი და თანხობრივადაც, რაოდენობრივად დაახლოებით 50%-ით არის დაკლებული ექსპორტი იმის ხარჯზე, რომ ნაკლებად მიმზიდველია თურქეთის ბაზარი და გვიან გაჩნდა იქ მოთხოვნა ექსპორტის. თურქეთის ბაზარზე ფასები შედარებით დაბალია, ამან გამოიწვია ის, რომ რაოდენობრივად არის დაკლებული. რაოდენობრივი კლება 4 თვეში გვაქვს 50%, თანხობრივი კლება გვაქვს დაახლოებით 60%. ელექტროენერგიის ექსპორტის ფასიც დაკლებულია, დაახლოებით 5 ცენტამდე ჯდება, როცა შარშან 7 ცენტს აღემატებოდა ექსპორტის საშუალო ფასი.

აღსანიშნია, რომ დანარჩენი ბაზრებიც გააქტიურდნენ წელს, მაგალითად სომხეთი და აზერბაიჯანი, სადაც გარკვეული რაოდენობის ექსპორტი განხორციელდა გამომდინარე იქიდან, რომ თურქეთის ფასი არ არის ისეთი, რომ სხვებმა კონკურენცია ვერ გაუწიონ და ვისაც სად ერჩივნა გატანა, იქ განახორციელეს ელექტროენერგიის ექსპორტი.

წელს პირველ 4 თვეში ჰიდროსადგურების გამომუშავება არის 18%-ით გაზრდილი, კარგი ჰიდროლოგიური წელია, ეს ნიშნავს, რომ შეგვიძლია უფრო მეტი ექსპორტის განხორციელება, იმპორტის და თბოსადგურების მუშაობის გარეშეც კი, რაც აისახა ბალანსზეც.

მთლიანობაში, რომ შევაჯამოთ ისეთივე რეკორდული წელი ვერ გვექნება როგორც შარშან და შარშანწინ გვქონდა, ვერც რაოდენობრივად და ვერც ღირებულებით, რადგან თურქეთის ბაზარზე ფასი ელექტროენერგიაზე შემცირებულია“,-ამბობს მარიამ ჩახვაშვილი.

შარშან საქართველოდან ექსპორტზე რეკორდული მოცულობის 1.47 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგია გავიდა, რაც 51%-ით აღემატებოდა 2022 წლის მაჩვენებელს. ექსპორტიდან მიღებულმა ჯამურმა შემოსავალმა კი 103 მლნ დოლარი შეადგინა. მთავარი საექსპორტო ბაზარი თურქეთი იყო. ამჟამად თურქეთის ბაზარზე ენერგორესურსებზე ფასების კლების ფონზე, მოლოდინია, რომ წელს საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი შემცირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები