მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იანვარ-თებერვალში საქართველოდან ელექტროენერგიის ტრანზიტი 80%-ით შემცირდა

გადამცემი ხაზი

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან ელექტროენერგიის ტრანზიტი შემცირდა.

სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, წელს ორ თვეში საქართველოს გავლით აზერბაიჯანიდან თურქეთს სულ 177 მლნ კვტ.სთ მოცულობის ელექტროენერგია მიეწოდა.

შარშან იანვარ-თებერვალში კი საქართველოდან ელექტროენერგიის ჯამურმა ტრანზიტმა 890 მლნ კვტ.სთ შეადგინა. შესაბამისად, წლიურ ჭრილში 80%-იანი კლება ფიქსირდება.

ენერგეტიკის დარგის წარმომადგენლები ტრანზიტის შემცირების მთავარ მიზეზად თურქეთში ელექტროენერგიაზე მოთხოვნისა და ფასების კლებას ასახელებენ.

როგორც BMG-ის "თრეიდინგ სოლუშენის" მმართველმა პარტნიორმა, მერაბ ლომინაძემ განუცხადა, მეზობელ ქვეყანაში კვტ.სთ-ზე ფასი ამ დროისთვის 6.5 ცენტამდეა შემცირებული. მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ თურქეთში არსებული ვითარება მიმდინარე წელს ტრანზიტთან ერთად, საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტსაც შეამცირებს.

“საქართველოდან ტრანზიტის კლების უმთავრესი მიზეზი თურქეთში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის მნიშვნელოვანი შემცირებაა, რაც თავის მხრივ იმითაა გამოწვეული, რომ მეტალურგიის დარგი შემცირებული სიმძლავრეებით მუშაობს, ეს კი საბოლოოდ ჩვენგან ელექტროენერგიის ტრანზიტზეც აისახა. დღევანდელი მდგომარეობით, თურქეთში კვტ.სთ-ზე ფასი 6.5-7 ცენტის ფარგლებშია და არაა გამორიცხული, ზაფხულის პერიოდში უფრო დაბალი, 6 ცენტიც იყოს. იქიდან გამომდინარე, რომ თურქეთს საკუთარი სიმძლავრეებიც აქვს და ელექტროენერგიაზე მოთხოვნაც შემცირებულია, უნდა ველოდეთ, რომ ამას მთელი წლის განმავლობაში საქართველოზეც ექნება გავლენა. შესაბამისად, შარშანდელი რეკორდული მაჩვენებლების გამეორებას აღარ უნდა ველოდეთ, როგორც ტრანზიტის, ასევე ექსპორტის ჭრილში”, - განაცხადა მერაბ ლომინაძემ.

ცნობისთვის, 2023 წელს საქართველოს გავლით ელექტროენერგიის ტრანზიტმა ჯამურად 3.5 მლრდ კვტ.სთ შეადგინა.

რაც შეეხება ექსპორტს, შარშან ექსპორტზე 1.47 მლრდ კვტ.სთ ელექტროენერგია გავიდა, რაც 51%-ით აღემატებოდა 2022 წლის მაჩვენებელს. ექსპორტიდან მიღებულმა ჯამურმა შემოსავალმა კი 103 მლნ დოლარი შეადგინა. მთავარი საექსპორტო ბაზარი თურქეთი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები