მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კარგია, რომ ერთი წლით გადავადდა, სამ თვეში ვითარების შეცვლას არავინ ელოდება - ჩახვაშვილი

649e8c56e41e6
მარიამ ვარადაშვილი
03.07.23 11:55
855
გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში ენერგეტიკულ ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობა უკვე მეექვსედ, ამჯერად ერთი წლით გადავადდა. ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბირჟის გადავადების მიზეზად კვლავ გეოპოლიტიკური ვითარება დაასახელა, რის გამოც მთავრობას ფასებთან დაკავშირებით პროგნოზი უჭირს.

Galt & Taggart-ის ანალიტიკოსი მარიამ ჩახვაშვილი BMG-თან საუბრისას ამბობს, რომ ბირჟაზე ვაჭრობის გადავადება მოსალოდნელი იყო და კარგია, რომ ამჯერად მთავრობამ ვადა ერთ წლამდე გადაწია.

რაც შეეხება ფასთა შორის სხვაობის დაბრუნების მოდელს [CFD], რომლითაც ერთი აუქციონი უკვე დასრულდა, ჩახვაშვილი მიიჩნევს, რომ თუ ბირჟა ერთ წელში ნამდვილად ფუნქციური გახდა, მაშინ ეს მექანიზმი იმუშავებს.

ახალი მექანიზმით საკონტრაქტო და საბაზრო ფასს შორის სხვაობას, ანუ კონტრაქტით გათვალისწინებული ფასსა და საბაზრო ღირებულებას შორის სხვაობის შემთხვევაში, სახელმწიფო ამ კომპანიებს დამატებით თანხას გადაუხდის. საუბარია იმ შემთხვევაზე, როცა საბაზრო ფასი კონტრაქტით გათვალისწინებულზე დაბალი იქნება.

“ეს გადადება რეალურად მოსალოდნელი იყო. პირველ რიგში იმიტომ, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში არაფერი შეცვლილა და ის გეოპოლიტიკური ვითარება, რაც წინა შემთხვევაში მიზეზად დასახელდა, ისევ რეალობაა. ისევ ვხედავთ ენერგომატარებლებზე გაზრდილ ფასებს, ამიტომ მოლოდინი იყო, რომ გადაიდებოდა. კარგია, რომ ამჯერად ერთი წლით გადავადდა და არა ისევ სამი თვით, რადგან სამ თვეში ვითარების შეცვლას არავინ ელოდება, ხოლო ერთი წელი ისეთი ვადაა, რომ შეიძლება რამე შეიცვალოს.

რაც შეეხება CFD მექანიზმს, საკანონმდებლო აქტში, რომელიც მას აანონსებდა პირდაპირ წერია, რომ მექანიზმი მიბმული უნდა იყოს საბაზრო ფასზე. რა ხდება იმ შემთხვევაში თუ ბირჟა არ იქნება, ეს არც კანონმდებლობაში წერია და არც რომელიმე შეხვედრაზე უთქვამთ ამაზე პასუხი. ოფიციალური პასუხი არის ის, რომ სანამ ეს სადგურები ექსპლუატაციაში შევლენ, ბირჟაზე ვაჭრობა დაიწყება, თუმცა ექვსი გადადების პირობებში ამ განცხადების მიმართ ნდობა შედარებით დაბალია. ალბათ, ყველა ინვესტორი მოითხოვს უშუალოდ ხელშეკრულებაში იმის ჩაწერას, რომ თუ ბაზარი არ იქნება გაშვებული, ესკოს ფასს მაინც მიებას. მე რომ ინვესტორი ვიყო ამას მოვითხოვდი",-ამბობს ჩახვაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები