Galt & Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსის მარიამ ჩახვაშვილი ამბობს, რომ ბოლო სამ წელში ელექტროსისტემას საშუალოდ 30 მეგავატამდე სიმძლავრე დაემატა, რისი მიზეზიც ერთი მხრივ მოსახლეობის პროტესტი მეორეს მხრივ კი დაფინანსების მექანიზმის [PPA] გაჩერება იყო. თუმცა, Galt & Taggart-ის ანალიტიკოსის შეფასებით, CFD ხელშეწყობის მექანიზმის ამოქმედებამ წინა დაფინანსების არარსებობით გამოწვეული პრობლემა მოაგვარა.
"ბოლო სამი წლის საშუალო დაახლოებით 20-30 მეგავატია [დამატებული ელექტროსისტემას]. ეს გარკვეულწილად იყო PPA-ის შეჩერების შედეგი და მეორე დიდი ეფექტი მოსახლეობის მხრიდან პროტესტი გახლდათ. ეს ორი ფაქტორი უშლიდა მშენებლობას ხელს. რაც შეეხება ე.წ დიდ სადგურებს, თუ ისინი მართლაც აშენდა, რაც გეგმაში გვიწერია, საქართველო გახდება წმინდა ექსპორტიორი და ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი გასამმაგდება და გაოთხმაგდება, მაგრამ გააჩნია რა დროში გაკეთდება. თუ ამასობაში მოხმარებაც დაეწია შესაბამისად შემცირდება ექსპორტიდან შემოსავალი. დიდ სადგურებს მინიმუმ 5-6 წელი სჭირდება ასაშენებლად და ჯერ დაწყებული არ არის. ამიტომ დიდი სადგურები მაინც არ შევა ექპლუატაციაში 2030 წლისთვის, მაგრამ შეიძლება შევიდეს 2035 წლისთვის, ესეც კარგი სცენარია”, - ამბობს ჩახვაშვილი.
2030 წლისთვის მთავრობის მიზანია საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტი არ დასჭირდეს და სრულად ქვეყანაში გამომუშავებული დენი მოიხმაროს. პარლამენტში გამოსვლისას პრემიერმა ირაკლი კობახიძემ დღეს არსებული დადგმული სიმძლავრე 2012 წლისას შეადარა და თქვა, რომ მას შემდეგ დიდი პროგრესია. თუმცა პრემიერს არ უთქვამს, რომ მაგალითად 2012 წლის შემდეგ ახალ სიმძლავრეებთან ერთად ასევე გაიზარდა ელექტროენერგიის მოხმარება.
„ელექტროენერგიის [დადგმული სიმძლავრე] საქართველოში 2012 წელს შეადგენდა 3359 მეგავატს და 2024 წლისთვის ეს მაჩვენებელი 4600 მეგავატი იქნება. 2028 წლისთვის ჩვენი მიზანია, ამ მაჩვენებელმა გადააჭარბოს 8000 მეგავატს, ხოლო 2030 წელს 10 ათას მეგავატს და ამის შემდეგ ჩვენ უკვე გავხდებით სრულად თვითკმარი, დამოუკიდებელი ქვეყანა ელექტროენერგიიის გამომუშავების თვალსაზრისით. აღარ დაგვჭირდება ელექტროენერგიის იმპორტი. ჩვენი ელექტროენერგიის გამომუშავება არა მხოლოდ უნდა დაეწიოს ეკონომიკის განვითარებას, არამედ უნდა გაუსწროს და გავხდეთ სრულად თვითკმარი ქვეყანა ამ თვალსაზრისით“, - ამბობს კობახიძე.
საქართველოში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა მზარდია, თუმცა მარეგულერებელი ჰესების სიმცირიდან გამომდინარე, ზამთრის თვეებში ქვეყანას იმპორტირებულ გაზზე მომუშავე თბოსადგურების ჩართვა უწევს ან დენის იმპორტი მეზობელი ქვეყნებიდან. თბოსადგურების ამუშავებაც არაპირდაპირი იმპორტია და როცა მთავრობა ამბობს, რომ ელექტროენერგიის იმპორტი არ გახდება საჭირო სავარაუდოდ, გულისხმობს დიდ, მარეგულირებელ ჰესებს, რომლებმაც ზამთარშიც უნდა იმუშაონ.
ამჟამად საქართველოს ენერგოსისტემის დადგმული სიმძლავრე 4621 მგვტ-ია, აქედან 3520 მგვტ - ჰესებია, აქ შედის როგორც დიდი მარეგულირებელი ჰესები, ისე მოდინებაზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგურები. სისტემაში ჩართული ერთადერთი ქარის სადგური მხოლოდ 21 მეგავატია. გენერაციის 70%-ზე მეტი ჰიდროსადგურებზე მოდის 25% თბოსადგენერაციაზე, ქარის სადგურის წილი გამომუშავებაში უმნიშვნელოა. მთავრობა ამბობს, რომ 2034 წლისთვის დადგმული სიმძლავრე 10 ათას მეგავატს გადააჭარბებს, ანუ გაორმაგდება და აქედან დაახლოებით 70% ისევ ჰესები იქნება.