მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მსხვილი კომპანიების მოხმარება შემცირდა - რამ განაპირობა ელექტროენერგიის რეკორდული ექსპორტი?

ელექტროენერგია

წელს პირდაპირი მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა. ესკოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-სექტემბერში პირდაპირმა მომხმარებელმა ანუ მსხვილმა საწარმოებმა ჯამში 2 144.1 მილიარდი კვტ.სთ ელექტროენერგია მოიხმარეს. 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ეს 26%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

პირდაპირი მომხმარებლის სტატუსი ენიჭება იურიდიულ პირს, რომელიც თვეში საშუალოდ არანაკლებ 15 მილიონ კვტ.სთ ელექტროენერგიას მოიხმარს. ამ ტიპის მომხმარებელს შეუძლია ელექტროენერგია მიიღოს წარმოების ან გადაცემის ლიცენზიატის ან/და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისგან.

ესკოს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა აჩვენებს, რომ შემცირებულია ფეროშენადნობების ქარხნების მიერ მოხმარებული ელექტროენერგია.

Galt & Taggart-ის ანალიტიკოსი მარიამ ჩახვაშვილი ამბობს, რომ პირდაპირი მომხმარებლის ნაწილში მოხმარების კლება მეტალურგიული და მაინინგ კომპანიების მოხმარების შემცირებას უკავშირდება.

ფეროშენადნობები წლების განმავლობაში საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი საექსპორტო საქონელი იყო, თუმცა 2023 წლიდან სექტორი კრიზისის წინაშე აღმოჩნდა, რომლის შედეგადაც უმსხვილესმა ქარხნებმა საწარმოო სიმძლავრეები მინიმუმამდე შეამცირეს.

2023 წლის 9 თვეში საქართველოდან 116 მლნ დოლარის ღირებულების ფეროშენადნობები გავიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 291 მლნ დოლარით, ანუ 68%-ით ნაკლებია.

“წარმოების დონის შემცირებამ ამ კომპანიების მიერ ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება გამოიწვია. რაც შეეხება ექსპორტს, მოხმარების შემცირებასთან ერთად ბაზარზე ელექტროენერგიის სიჭარბე გაჩნდა. ამას ემატება თბოსადგურების გენერაციის ზრდაც. მოხმარება შემცირდა, ხოლო გენერაციის ზრდამ თავის მხრივ ექსპორტის ზრდის შესაძლებლობა შექმნა. თბოსადგურს ამდენი რომ არ ემუშავათ, ასე ექსპორტს ვერ გაზრდიდნენ", - ამბობს მარიამ ჩახვაშვილი.

აღსანიშნავია, რომ აგვისტოს მსგავსად, გარდაბნის თბოსადგურებმა სექტემბერშიც იმუშავეს და ჯამში 302 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს. ელექტროენერგიის ბალანსიდან ჩანს, რომ მიმდინარე წელს იმპორტირებულ გაზზე მომუშავე თბოსადგურები მხოლოდ ორი თვე მაისი-ივნისში იყო გაჩერებული (მინიმალური გამომუშავება ჰქონდათ). ჯამში იანვარ-სექტემბერში თბოსადგურების გამომუშავება 2 მილიარდ კვტ.სთ-ს აჭარბებს, რაც 11%-ით აღემატება 2022 წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

წელს ქვეყანამ ექსპორტზე რეკორდული მოცულობის 1 468.2 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გაიტანა. ასევე რეკორდულია 9 თვეში დენის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალიც და 103 მლნ დოლარს აღემატება.

რაც შეეხება კომერციულ მომხმარებელს, როგორც BMG-ის ენერგოპრო ჯორჯიაში უთხრეს, წლიურად მოხმარება მცირედით გაიზარდა. კერძოდ, თუ 2023 წლის 9 თვეში კომპანიებმა/ორგანიზაციებმა ჯამში 1 660 539 278 კვტ.სთ მოიხმაეს, 2022 წლის შესაბამის პერიოდში ეს მაჩვენებელი 1 659 481 675 კვტ.სთ იყო.

უფრო დიდი ზრდა აქვს “თელმიკოს" და იანვარ-სექტემბერში მოხმარება ზრდა წლიურად 5.4%-ით არის გაზრდილი. თუ 2022 წლის 9 თვეში კომერციულმა მომხმარებელმა 1 310 031 319 კვტ.სთ მოიხმარა, 2023 წლის შესაბამის პერიოდში ეს მაჩვენებელი 1 381 227 208 კვტ.სთ-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები