წელს საქართველოს ელექტროენერგიის ექსპორტისგან მიღებული შემოსავალი თითქმის გაუნახევრდა. 2024 წელს ქვეყანამ დენის ექსპორტიდან მხოლოდ 49 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ასევე შემცირებულია გაყიდული ელექტროენერგიის მოცულობაც.
2024 წელს ექსპორტის სეზონი აპრილში დაიწყო და აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდა. მთავარი საექსპორტო ბაზარი კვლავ თურქეთია 83%-იანი წილით. Galt & Taggart-ის ანალიტიკოსი მარიამ ჩახვაშვილი შემოსავლების კლების მიზეზად თურქეთის ბაზარზე ფასის შემცირებას ასახელებს.
“ექსპორტის რაოდენობა და ფასი შემცირდა. შედეგად დაიკლო აქედან მიღებულმა შემოსავალმა. დაახლოებით 28%-იანი კლება იყო როგორც რაოდენობაში ისე ფასში. 2022 წელს ფასი ავარდნილი იყო, რაც გარკვეულწილად 2023 წელსაც გაგრძელდა. 2024 წელს ფასი დასტაბილურდა და შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს უკვე ნორმალიზებული ფასია. 2022-2023 წლებში ენერგეტიკული კრიზისი იყო ევროპის ბაზრებზე და ამის გამოძახილი თურქეთში ფასის ზრდა. მოგეხსენებათ, რომ თურქეთის ბაზარი უფრო დამოკიდებულია თბოელექტროსადგურებზე, რომლებიც გაზზე მუშაობენ, ამაზე ფასი ენერგეტიკული კრიზისიდან გამომდინარე იყო გაზრდილი. იმის გამო რომ თურქეთში ფასი ნაკლები იყო თურქეთში ექსპორტის მსურველები შემცირდა. ამას უკავშირდება ექსპორტის შემცირებაც. გასულ ორ წელში მაღალი ფასის გამო ქვეყანამ ისე გადაგეგმა საკუთარი ენერგეტიკული ბალანსი რომ მაქსიმალური ექსპორტი გაეკეთებინა”, - ამბობს ჩახვაშვილი.
ბოლო წლებია თურქეთი საქართველოს ელექტროენერგიის მთავარი ბაზარია, სადაც ქვეყანაში წარმოებული ელექტროენერგია იყიდება. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, როდესაც ენერგომატარებლებზე ფასი რეკორდულად გაიზარდა, დენის ფასმა მოიმატა თურქეთშიც, რის გამოც ქართველმა ექსპორტიორებმა რეკორდული შემოსავალი მიიღეს. ასე მაგალითად ადრე საექსპორტო ელექტროენერგიის ფასი 9 ცენტამდე იყო გაზრდილი, 9 თვის მონაცემებით კი საშუალო ფასი 4.7 ცენტამდეა შემცირებული.
უკრაინაში ომის დაწყების გამო, რასაც ევროპის მხრიდან საპასუხო ზომად სანქციები მოჰყვა რუსეთმა ევროკავშირს, რომელსაც რუსულ გაზზე დაახლოებით 40%-იანი დამოკიდებულება ჰქონდა, მიწოდება შეუმცირა. ამას ბაზარზე შოკი მოჰყვა, რამაც 2022 წლის ზაფხულში ენერგეტიკულ ბირჟაზე ბუნებრივ აირზე ფასის რეკორდული ზრდა გამოიწვია. ევროპაში გაზის ფასმა მეგავატ/საათზე 300 ევროსაც გადააჭარბა. ამის საპასუხოდ, ევროპამ ახალი ბაზრების ძიება, თხევადი გაზის იმპორტი და გაზსაცავების შევსება დაიწყო. 2023-ში გაზი გაიაფდა და დღეს ევროპაში ბუნებრივი აირი მეგავატ საათზე 42 ევრომდე გაზარდა.
“2022 წელს 21 ცენტამდე რომ იყო ფასი გაზრდილი ასეთ კატასტროფულ სიმაღლეებს აღარ ველოდებით, მაგრამ დინამიურად და ნელი ტემპით მაინც აღმავალ ტემპს ველოდებით თურქეთის ბაზარზე. ეს უკვე ინფლაციური და მოთხოვნის ზრდის მოლოდინებიდან გამომდინარე”, - გვეუბნება Galt & Taggart-ის ანალიტიკოსი.
ბოლო ხუთ წელში ელექტროენერგიის ექსპორტისგან მიღებული შემოსავალი:
- 2020 წელი - 5.9 მლნ დოლარი
- 2021 წელი - 14.8 მლნ დოლარი
- 2022 წელი - 84.3 მლნ დოლარი
- 2023 წელი - 95.7 მლნ დოლარი
- 2024 წელი - 49 მლნ დოლარი
იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობა ბოლო ხუთ წელში:
- 2020 წელი - 154 მლნ კვტ.სთ
- 2021 წელი - 291 მლნ კვტ.სთ
- 2022 წელი - 971 მლნ კვტ.სთ
- 2023 წელი - 1.5 მილიარდი კვტ.სთ
- 2024 წელი - 1 მილიარდი კვტ.სთ
[ორივე შემთხვევაში მოცემულია 9 თვე]
2024 წლის 9 თვეში საქართველოს გავლით ელექტროენერგიის ტრანზიტი განახევრებულია. მარიამჩახვაშვილის შეფასებით, ტრანზიტის შემცირებაც თურქეთში ფასის კლებას უკავშირდება. საქართველოს გადამცემი ხაზები თურქეთში დენის გასაყიდ თითქმის სრულად აზერბაიჯანმა გამოიყენა.
“თურქეთში ბოლო ორ წელში ფასი საკმაოდ მაღალი იყო. დღეს თურქეთში ფასი დაახლოებით 4 ცენტია. ამიტომ ამ მოცემულობაში ნამდვილად არასახარბიელოა ექსპორტი. ჩვენს ქვეყანაში გენერაციის ობიექტები ელექტროენერგიას გამოიმუშავებდნენ დაახლოებით 5-7 ცენტის ფარგლებში. მაშინ აზრს კარგავს ამ ყველაფრის ექსპორტი, რადგან მათ აქვთ დანახარჯებიც. როგორებიცაა გატარების ასევე ე.წ ტექნიკური დანახარჯი, რასაც დანაკარგს ვუწოდებთ”, - ამბობს განახლებადი ენერგიის ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე.
მელიქიძე საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირების აუცილებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ ექსპორტის ზრდის პოტენციალი არსებობს სომხეთში, ასევე წყალქვეშა კაბელის პროექტის დასრულების შემთხვევაში ევროპაშიც.
“ექსპორტის მიმართულებით აუცილებელია ბაზრების დივერსიფიცირება. ამ თვალსაზრისით ძალიან დიდი იმედით შევყურებ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის შესაძლებლობას, რადგან ევროპაში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა მნიშვნელოვანია და ფასიც გაცილებით საინტერესოა მეზობელ ქვეყნებთან შედარებით. საქართველო [ამ კაბელით] დაუკავშირდება რუმინეთს და რუმინეთიდან მოხდება ელექტროენერგიის გადადინება უნგრეთში”.
შავი ზღვის კაბელის შესახებ მემორანდუმი 2022 წლის 17 დეკემბერს გაფორმდა და მის ხელმომწერებს შორის არიან საქართველო, აზერბაიჯანი, უნგრეთი და რუმინეთი. პროექტის მიხედვით, აზერბაიჯანი და საქართველო ელექტროენერგიის მიმწოდებლები, ხოლო რუმინეთი და უნგრეთი მომხმარებლები იქნებიან. თუ კაბელის პროექტი წარმატებით დასრულდება საქართველოს ელექტროსისტემა პირველად დაუკავშირდება ევროკავშირის ელექტროსისტემას.