მიმდინარე წელს საქართველომ ექსპორტზე რეკორდული მოცულობის ელექტროენერგია გაყიდა. თუ გასულ წელს ჯამურად, 971 მლნ კილოვატ საათი მოცულობის ელექტროენერგია გავიდა ექსპორტზე, მიმდინარე წლის 8 თვეში უკვე ექსპორტირებულია 1,3 მილიარდ კილოვატ საათზე მეტი ელექტროენერგია.
იანვარ-აგვისტოში ქვეყანამ ელექტროენერგიის ექსპორტიდან 94 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო, ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23%-ია.
ექსპორტის თითქმის 88% თურქეთზე მოდის. 2023 წლის 8 თვეში თურქეთში ექსპორტირებულია 1,1 მილიარდ კილოვატ საათზე მეტი ელექტროენერგია, რომლის ღირებულება 85 მლნ დოლარს შეადგენს. ეს დაახლოებით 13 მლნ დოლარით გაზრდილი მაჩვენებელია გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
G&T-ის უფროსი ანალიტიკოსის, მარიამ ჩახვაშვილის განმარტებით, ელექტროენერგიის ექსპორტის ასეთი რეკორდული ზრდა მოხმარების შემცირებამ და თბოსადგურების გაზრდილმა გენერაციამ განაპირობა.
„8 თვეში 50%-იანი ზრდაა ელექტროენერგიის ექსპორტში. ძირითადად თურქეთში ხდება გატანა. მთავარი მიზეზი არის ის, რომ თურქეთში ფასები არის გაზრდილი. მართალია შარშან იყო თვეები, მაგალითად სექტემბერი, როცა ფასი ასული იყო 15 ცენტამდე, ახლა ასეთი მაღალი ნიშნული არ არის, 7,5-7 ცენტის ფარგლებშია, მაგრამ ეს პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით მაინც მაღალი მაჩვენებელია.
მიზეზი რაც საშუალებას გვაძლევს ელექტროენერგიის ექსპორტი გაიზარდოს, არის შემცირებული მოხმარება. წელს 8 თვეში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირებულია დაახლოებით 8%-ით, რაც გამოწვეული იყო ძირითადად პირდაპირი მომხმარებლების და აფხაზეთის რეგიონის მოხმარების შემცირებით და ამ შემცირებულმა მოხმარებამ საშუალება მოგვცა გაზრდილიყო ექსპორტი.
მეორე მიზეზი, რატომაც შესაძლებელი გახდა ელექტროენერგიის ექსპორტი, იყო თბოსადგურების გაზრდილი გენერაცია. თბოსადგურების ნაწილშიც დაახლოებით 14%-იანი ზრდა გვაქვს შარშანდელთან შედარებით.
შესაბამისად მოხმარების კლებით და გენერაციის მომატებით, შესაძლებელი გახდა ექსპორტის 50%-იანი ზრდა“,-განმარტავს ჩახვაშვილი.