ენერგეტიკის სექტორი სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე სახელმწიფოთა მხრიდან სპეციალურ მხარდაჭერის მექანიზმებს იღებს. საქართველოში ეს წლების განმავლობაში იყო PPA მექანიზმი. ამ სქემის ფარგლებში სახელმწიფო კომპანია ESCO და ჰესის ინვესტორი წინასწარ თანხმდებოდნენ გამომუშავებული ელექტროენერგიის ანაზღაურების პირობებზე. შესაბამისად, მთავრობა თანხმდებოდა მაგალითად 10 წლის განმავლობაში, ჰესის მიერ გამომუშავებული ყოველი კილოვატ საათი ელექტროენერგია 7; 8 ან 10 ცენტად ეყიდა.
თუმცა, ასეთი ხელშეკრულებების დაგროვების გამო, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა სახელმწიფოს მოუწოდა შეეჩერებინა ახალი PPA ხელშეკრულებების გაცემა და მის ნაცვლად ენერგეტიკის ინვესტორების მხარდაჭერის სხვა მექანიზმი დაენერგა. საქმე იმაშია, რომ ისეთი მსხვილი ჰესების აშენების შემთხვევაში, როგორიც ნენსკრა, ხუდონჰესი და ნამახვანჰესია სახელმწიფოს ყოველწლიურად ათობით მილიონი დოლარის ამ ჰესების ინვესტორებისთვის გადახდა მოუწევდა.
ამ სისტემის ალტერნატივას CFD მექანიზმი წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც ინვესტორებთან პირველი ხელშეკრულებები უკვე გაფორმდა.
PPA-სგან განსხვავებით CfD ორმხრივი მიმართულებით მოიაზრებს ანაზღაურებას. ანუ, თუ ESCO წარმოადგენს მხარეს ინვესტორთან CFD კონტრაქტში, ESCO იღებს შემოსავალს, როდესაც CfD ფასი დაბალია საბაზრო ფასებზე და პირიქით ახორციელებს გადახდებს, როდესაც CfD ფასები საბაზრო ფასებზე მაღალია.
ფინანსთა სამინისტრომ 2024 წლის ბიუჯეტის თანდართული ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტით CFD მექანიზმის შეფასებაც მოამზადა. სამინისტრო აღნიშნავს, რომ მართალია CFD მექანიზმი ნაკლებ რისკებთან არის დაკავშირებული, ის სრულიად ურისკო არ არის და შესაძლოა გარკვეულ ვითარებაში ლიკვიდობის პრობლემების შექმნაც კი გამოიწვიოს.
“პანდემიის შემდგომ, ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებებიდან (PPA) მომდინარე პირობითი ვალდებულებების ზეწოლა ბიუჯეტზე სულ მცირე განახევრებულია. მხარდაჭერის სხვა სქემების განვითარება, მათ შორის ფასთა სხვაობის ხელშეკრულებები (CFD) დამატებით უზრუნველყოფენ ფისკალური რისკების შემცირების ტენდენციის შენარჩუნებას. ამასთან, თავად CFD არ წარმოადგენს სრულიად ურისკო ინსტრუმენტს და შესაძლოა გამოიწვიოს მოკლევადიანი ლიკვიდურობის პრობლემები, თუმცა, სწორი დაგეგმვის პირობებში აღნიშნული დაძლევადია ბიუჯეტზე ზეწოლის გარეშე. ცნობისთვის, 2023 წლის თებერვლის თვეში გამოცხადდა სიმძლავრის აუქციონი CFD ხელშეკრულებებისთვის შემდეგ კატეგორიებზე:
ჰიდროელექტროსადგურები - 150 MW
ქარი - 70 MW
მზე - 70 MW
სხვა - 10 MW
აუქციონის შედეგად გამარჯვებულად გამოვლინდა ჯამურად 296,7 მეგავატი დადგმული სიმძლავრე ჯამში 914 gwh გენერაციის შესაძლებლობით.
ესკო როგორც შუამავალი ბაზრის ყველა მოთამაშეს შორის განახორციელებს მხარდაჭერის სქემის ფარგლებში გადახდებს - მათ შორის PPA, CFD, აღნიშნულის განსახორციელებლად ESCO გამოიყენებს ახალ ფონდს, სახელწოდებით საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაცია, შემდგომში WPSO, როგორც ახალი ენერგეტიკული მხარდაჭერის სქემის ნაწილს. WPSO-ს ფულადი შემოდინება ძირითადად სამ წყაროს მოიცავს: 1) CfD-ის კონტრაქტებთან დაკავშირებული შემოდინება (ანუ უარყოფითი განსხვავება CfD ფასებსა და საბაზრო ფასებს შორის) 2) განსხვავებები ენგურჰესისა და ვარდნილის ჰესების რეგულირებულ და საბაზრო ფასებს შორის; 3) დადებითი სხვაობა საბაზრო ფასსა და უნივერსალური სერვისის პროვაიდერებისთვის რეგულირებულ ფასებს შორის. WPSO-ს გადინება ასევე სამმაგი იქნება. პირველი, CfD-ის კონტრაქტებთან დაკავშირებული (ანუ დადებითი განსხვავება CfD-ის ფასებსა და საბაზრო ფასებს შორის). მეორე, ნეგატიური სხვაობა საბაზრო ფასსა და უნივერსალური სერვისის პროვაიდერებისთვის რეგულირებულ ფასებს შორის და მესამე, ESCO-ს მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მოხმარებისთვის შეძენილი ელექტროენერგიის ღირებულება.
აუცილებელია მომავალში გენერაციის პროექტების სიფრთხილით შერჩევა, რათა არ მოხდეს დამატებითი გაზრდილი ღირებულებების ფონზე, გენერირების ნაკადების ზრდა იმაზე უფრო ადრე, ვიდრე საჭიროება მოითხოვს.
CFD აუქციონების პრაქტიკის გაგრძელების შემთხვევაში აუცილებელია ელექტროენერგიის დერეგულირებული ბაზრისა და WPSO ფონდის სრულად ამოქმედება ბიუჯეტზე შესაძლოა ზეწოლის თავიდან ასაცილებლად.
უნდა გაგრძელდეს ახალ PPA მემორანდუმებზე მორატორიუმი. საინიციატივო შეთავაზებები უნდა ჩანაცვლდეს კონკურენტული აუქციონებით, CFD აუქციონი წარმოადგენს აღნიშნულის წარმატებულ დასაწყისს,”- ნათქვამია ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტში.