გასული კვირის (15-21 იანვარი) მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში
საქართველო დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე
დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით იმყოფებოდა. შუა დერეფანის განვითარებასთან დაკავშირებით გამართულ პანელზე ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში დაკავშირებადობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით მიმდინარე პროექტების და მასში სახელმწიფო ინვესტიციების შესახებ ისაუბრა.
ორმხირვ შეხვედრებზე კი პრემიერ-მინისტრი შეხვდა საქართველოს უკვე მოქმედი ინვესტორი კომპანიების წარმომადგენლებს, ქვეყანაში საქმიანობის დაწყებით დაინტერესებული კომპანიების ხელმძღვანელებს. უფრო ვრცლად წაიკითხეთ სტატიაში.
წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისთვის კონტრაქტი 4 კომპანიასთან გაფორმდა
16 იანვარს ცნობილი გახდა, რომ გამზირის რეაბილიტაციით დაკავებულ ორივე კომპანიას “ერ ტე დეს” (9 მლნ ლარი) და “მილენიუმ ბილდერ გრუპს” (22 მლნ ლარი) ხელშეკრულებები შეუწყდათ, რის მიზეზადაც კონტრაქტის პირობების დარღვევა და სამუშაოების უხარისხოდ და დაგვიანებით შესრულება გახდა. 17 იანვარს კი თბილისის მერიამ გამზირის რეაბილიტაციის ორ კვირაში დასრულებისთვის 4 კონტრაქტი გააფორმა.
კონტრაქტების ღირებულება 17.5 მილიონი ლარია და ის კომპანიების მიხედვით ასე ნაწილდება:
- “ბლექ სი გრუპი” - 4 მილიონი ლარი;
- “პარმა” - 5.6 მილიონი ლარი;
- “ენკო” - 3.5 მილიონი ლარი;
- “ჯეუ გრუპი” - 4.4 მილიონი ლარი.
კონტრაქტორებმა სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში უნდა აწარმოონ.
მერიის ინფორმაციით კონტრაქტების შეწყვეტა პროექტის საერთო ღირებულებას არ გაზრდის.
2023 წელს საქართველოს ექსპორტი 6 მილიარდ დოლარამდე, იმპორტი კი 15 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა
2023 წლის განმავლობაში საქართველოდან უცხოეთში 6 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც 2022 წელთან შედარებით 9%-ით მეტია. იმპორტი კი 15.4 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რაც წლიურად 14%-ით მეტია.
საქსტატი საგარეო ვაჭრობის დეტალურ ანგარიშს 22 იანვარს გამოაქვეყნებს.
2023 წელს საქართველოში ყველაზე მეტი საზღვრის კვეთა რუსეთის მოქალაქეებმა განახორციელეს
2023 წლის განმავლობაში საქართველოში ყველაზე მეტი საზღვრის კვეთა რუსეთის მოქალაქეთა მიერ განხორციელდა, ამის შესახებ შსს-ს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ირკვევა. მეორე ადგილზეა თურქეთი, მესამეზე კი სომხეთი.
- რუსეთი - 1,856,237 საზღვრის კვეთა;
- თურქეთი - 1,577,439 საზღვრის კვეთა;
- სომხეთი - 1,276,420 საზღვრის კვეთა;
- EU - 451,024 საზღვრის კვეთა;
- ისრაელი - 251,579 საზღვრის კვეთა;
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2023 წლის ვიზიტორების სრულ სტატისტიკას სავარაუდოდ მიმდინარე თვის ბოლომდე გამოაქვეყნებს. შესაბამისად, გაირკვევა თუ რამდენი ვიზიტორი და ტურისტი სტუმრობა საქართველოს.
დეკემბერში ფულადი გზავნილები შემცირდა
2023 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 308.3 მლნ აშშ დოლარი (828.1 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 42.4%-ით (227.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2022 წლის დეკემბრის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ეროვნული ბანკის მონაცემებით, გზავნილების კლება პირველ რიგში რუსეთის ფედერაციიდან ფულადი შემოდინებების 78%-იან ვარდნას უკავშირდება. თანხობრივად დეკემბერში რუსეთიდან გადმორიცხვების შემცირება 250 მილიონი დოლარია.
დეკემბერში გზავნილების მიხედვით ტოპ 5 ქვეყანა ასე ნაწილდებოდა:
1) რუსეთის ფედერაცია - $71 მილიონი, კლება წინა წელთან -78%;
2) იტალია - $50 მილიონი, ზრდა წინა წელთან 15%;
3) აშშ - $46 მილიონი, ზრდა წინა წელთან 35%;
4) საბერძნეთი - $23 მილიონი, ზრდა წინა წელთან 10%;
5) გერმანია - $22 მილიონი, ზრდა წინა წელთან 27%.
2023 წლის ბიუჯეტის საგადასახადო გეგმა გადაჭარბებით შესრულდა
ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2023 წლის საგადასახადო შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასული წლის განმავლობაში ქვეყანაში მოქმედმა ბიზნესებმა და ფიზიკურმა პირებმა საერთო ჯამში 17 მილიარდი ლარის გადასახადები გადაიხადეს, რაც ბიუჯეტით განსაზღვრულ გეგმასთან შედარებით 283 მილიონი ლარით მეტი იყო.
კონკრეტული გადასახადების მიხედვით, ბიუჯეტში ყველაზე მეტი თანხა 6.8 მილიარდი ლარი დღგ-დან შევიდა, რაც ქვეყანაში საქონლისა და მომსახურებას 18%-ით ბეგრავს.
2023 წლის განმავლობაში საგადასახადო შესრულება ასე ნაწილდება:
- დამატებული ღირებულების გადასახადი - 6,793,665,800 ლარი, წლიური გეგმის 99.8%;
- საშემოსავლო გადასახადი - 5,574,816,600 ლარი, წლიური გეგმის 101.6%;
- აქციზი - 2,270,263,900 ლარი, წლიური გეგმის 102.3%;
- მოგების გადასახადი - 2,018,166,500 ლარი, წლიური გეგმის 100.9%;
- იმპორტის გადასახადი - 151,212,000 ლარი, წლიური გეგმის 100.8%.
სვანეთში ელექტროენერგიის ჭარბი მოხმარება კვლავ პრობლემაა
სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის ჭარბი მოხმარება კვლავ პრობლემაა - ამის შესახებ ენერგო პრო ჯორჯას გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ბოცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, 16 იანვარს მოხმარების პიკი დაფიქსირდა, რადგანაც სვანეთის 3 ათასამდე აბონენტმა ნახევარი მილიონი კილოვატ საათი ენერგია მოიხმარა, მაშინ როდესაც დანარჩენ საქართველოში 1 მილიონი აბონენტის მოხმარება 5.5 მილიონი კილოვატ საათი იყო.