მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში - 11 - 17 ნოემბერი

ლარი

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოში - 11-17 ნოემბრის მდგომარეობით.

სებ-ი გეგმავს, ბანკებს ჯარიმების ზედა ზღვარი ათჯერ გაუზარდოს - ბრძანების პროექტი

საქართველოს ეროვნული ბანკი გეგმავს "კომერციული ბანკებისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესში" ცვლილებები შეიტანოს და კონკრეტული დარღვევებისთვის გათვალისწინებული ჯარიმების ზედა ზღვარი გაზარდოს - ამას ითვალისწინებს სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას ბრძანების პროექტი, რომელიც ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დღეს მოქმედი ნორმა ითვალისწინებს კონკრეტული დარღვევებისთვის ბანკების მათი საზედამხედველო კაპიტალის 0.1%-ით დაჯარიმებას, სებ-ის მიერ გამოქვეყნებული ბრძანების პროექტით კი ჯარიმის მაქსიმალური ოდენობა საზედამხედველო კაპიტალის მაქსიმუმ 1% შეიძლება იყოს. შესაბამისად, თუკი მაგალითად ბანკის საზედამხედველო კაპიტალი შეადგენს 1 მილიარდ ლარს, მის მიერ დარღვევის ჩადენის შემთხვევაში სებს ამ ბანკისთვის 1 მილიონის ნაცვლად 10 მილიონი ლარის მაქსიმალური ოდენობის ჯარიმის დაკისრება შეეძლება.

ოქტომბერში საქართველოს ექსპორტი 38.9%-ით, $681 მილიონამდე გაიზარდა

საქსტატის მიერ გამოქვეყნებული საგარეო ვაჭრობის 10 თვის ექსპრეს მონაცემების მიხედვით, ექსპორტი იანვარ-ოქტომბერში 7.4%-ით 5.47 მილიარდ დოლარამდე, ხოლო იმპორტი 4.8%-ით 13.55 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში 8.08 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.5%-ია.

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ოქტომბერში ექსპორტი 38.9%-ით გაიზარდა 681 მილიონი დოლარი შეადგინა, იმპორტი კი 5.6%-ით 1 მილიარდ 437 ათასი დოლარი იყო.

ოქტომბერში ფულადი გზავნილები წლიურად 1.5%-ით, 281 მილიონ დოლარამდე შემცირდა

ოქტომბერში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით $281 მილიონი გადმოირიცხა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.5%-ით ნაკლებია. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის თანახმად, გასული თვის განმავლობაში საქართველოში ყველაზე მეტი თანხა აშშ-დან შემოვიდა, საიდანაც 51 მილიონი დოლარი გადმორიცხეს, ეს თანხა წლიურად 21%-ით არის გაზრდილი. მეორე პოზიციას იკავებს იტალია 47 მილიონი დოლარის ფულადი გზავნილებით, მესამეს კი რუსეთი $34 მილიონით.

ამასთან, რუსეთის ფედერაციიდან მიგრაციული ეფექტის შემცირებასთან ერთად გზავნილები წლიურად 44%-ით არის შემცირებული. სანაცვლოდ კი მკვეთრად არის გაზრდილი ფულადი გზავნილები გერმანიიდან +19%; ისრაელიდან +23% იტალიიდან +10% და სხვა ქვეყნებიდან.

ცესკომ საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელ ოქმს ხელი მოაწერა

ცესკომ 16 ნოემბერს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელ ოქმს ხელი მოაწერა. ოქმის მიხედვით, პარლამენტში მანდატები ასე უნდა გადანაწილდეს: ქართული ოცნება 89 მანდატი; კოალიცია ცვლილებებისთვის 19 მანდატი; ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 16 მანდატი; ძლიერი საქართველო 14 მანდატი და გახარია საქართველოსთვის 12 მანდატი. როგორც ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა განაცხადეს, მათი პარტიები საქართველოს პარლამენტში შესვლას არ გეგმავენ.

2023 წლის ეკონომიკური მაჩვენებელი დაზუსტდა - ანგარიშის თანახმად, გასულ წელს საქართველოს მშპ 7.5%-ის ნაცვლად, 7.8%-ით გაიზარდა

საქსტატმა 2023 წლის დაზუსტებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასულ წელს საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 7.8% შეადგინა, რაც აქამდე დათვლილ 7.5%-თან შედარებით 0.3 პროცენტული პუნქტით მეტია. საქსტატი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების დაზუსტებას და გადათვლას ყოველწლიურად აწარმოებს. 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პირველადი ანგარიში საქსტატმა 2024 წლის მარტში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეკონომიკის ზომამ გასულ წელს შეადგინა 80.2 მილიარდი ლარი, რაც 2022 წელთან შედარებით 7.5%-ით მეტი იყო, დღეს გამოქვეყნებული დაზუსტებული მონაცემით კი მშპ-ის ზომა 80.9 მილიარდი ლარი იყო, რაც პირველად პროგნოზთან შედარებით 700 მილიონი ლარით მეტია, ამ სხვაობამ კი განაპირობა ის, რომ ქვეყნის ეკონომიკის დაზუსტებულმა ზრდამ 7.8% შეადგინა.

საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა იწყება

14 ნოემბერს საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერა დაიწყო. პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 29 მილიონი ლარია და ის ორ ეტაპად ტარდება. პირველ ეტაპზე, 14 ნოემბრიდან 23 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში მონაცემები შეგროვდება თვითრეგისტრაციის მეთოდით (CAWI). თვითრეგისტრაციის დროს რესპონდენტები დამოუკიდებლად, ინტერვიუერების გარეშე, კომპიუტერის/პლანშეტის/სმარტფონის მეშვეობით, სტანდარტული ინტერნეტბრაუზერის გამოყენებით, ელექტრონულად ავსებენ კითხვარებს მათთვის სასურველ დროსა და ადგილზე. მეორე ეტაპზე, 29 ნოემბრიდან - 19 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, მონაცემები შეგროვდება საქსტატის 12 000-მდე ინტერვიუერის მიერ, კარდაკარის პრინციპით, პლანშეტური კომპიუტერის გამოყენებით. მოსახლეობის აღწერის პირველადი შედეგები 2025 წლის ივნისში გამოქვეყნდება, სრული ანგარიში კი 2026 წლის ივნისში.

საპენსიო სააგენტოს ოქტომბრის თვის ანგარიში - ფონდის აქტივებმა 5.8 მილიარდ ლარს გადააჭარბა

მოსახლეობის საპენსიო დანაზოგების მოცულობამ 5.8 მლრდ ლარს გადააჭარბა, ხოლო მთლიანი საინვესტიციო ამონაგები 1.3 მლრდ ლარზე მეტია. საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, საინვესტიციო პორტფელებს შორის ამონაგებით კვლავ დინამიკური პორტფელი ლიდერობს.

კერძოდ, 2023 წლის 6 აგვისტოდან 2024 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში დინამიკური პორტფელის რეალურმა ამონაგებმა, ანუ ინფლაციის გათვალისწინებით, 15.6% შეადგინა. ამავე პერიოდში დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელების რეალური ამონაგები შესაბამისად 14.5% და 12% იყო. სხვადასხვა საინვესტიციო პორტფელების მართვის უფლება საპენსიო სააგენტოს გასული წლის აგვისტოში გაუჩნდა. ამჟამად დანაზოგების დიდი ნაწილი კონსერვატიულ ანუ ნაკლებრისკიან პორტფელშია განთავსებული, რომლის ზომაც 5.72 მლრდ ლარია. დაბალანსებულის ანუ საშუალორისკიანი პორტფელის ზომა 32 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო დინამიკურის ანუ მაღალრისკიანის - 30.8 მლნ.

2024 წლის 9 თვეში საქართველოს რკინიგზის შემოსავალი ₾490 მილიონამდე გაიზარდა, წმინდა მოგება - შემცირდა

საქართველოს რკინიგზის შემოსავალი 2024 წლის 9 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2%-ით გაიზარდა და 490 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, კომპანიის წმინდა მოგება 26%-ით, 75.4 მილიონ ლარამდე შემცირდა. ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის მოგების შემცირება ძირითადად საკურსო სხვაობით მიღებულ 17 მილიონი ლარის ზარალს უკავშირდება.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2024 წლის 9 თვეში საქართველოს რკინიგზამ მასში დასაქმებული 12 ათასი ადამიანის ხელფასზე 171.7 მილიონი ლარის ხელფასები გასცა, ცვეთისა და ამორტიზაციის ხარჯი 48 მილიონი ლარი იყო, ელექტროენერგიის, საწვავისა და სხვა სახარჯი მასალების ხარჯი 63 მილიონ ლარს შეადგენდა, სხვა ხარჯები კი 108 მილიონი ლარი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები