მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასული კვირის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში - 13-19 იანვარი

დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი

გთავაზობთ გასული კვირის (13-19 იანვრის) მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში:

2024 წლის საგარეო ვაჭრობის შედეგები - საქართველოს ექსპორტი $6.6 მილიარდამდე გაიზარდა, იმპორტი 16.8 მილიარდამდე

2024 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 23.4 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 8%-ით მეტია. აქედან, ექსპორტი 6.6 მილიარდი აშშ დოლარი იყო, რაც 7.8%-იანი ზრდაა, ხოლო იმპორტი 16.9 მილიარდი აშშ დოლარი (ზრდა 8.1 პროცენტით).

დეტალური მაჩვენებლები თუ რა საქონლის იმპორტი და ექსპორტი გაიზარდა 2024 წელს ცნობილი 20 იანვარს გახდება.

ფულადი გზავნილების სტატისტიკა 2024

2024 წელს საქართველოში ფულადი გზავნილების ნაკადების სახით 3.4 მილიარდი დოლარი გადმორიცხეს, რაც 2023 წელთან შედარებით 785 მილიონი დოლარით, ანუ 19%-ით ნაკლები იყო.

ქვეყნების მიხედვით, გზავნილებში პირველ ადგილს აშშ იკავებს, საიდანაც გასულ წელს 573 მილიონი დოლარი გადმორიცხეს, ეს თანხა 2023 წელთან შედარებით 24%-ით მეტი იყო. მეორე პოზიციაზეა იტალია 567 მილიონი დოლარის გზავნილებით, საიდანაც შემოსული ფულადი ნაკადები 8%-ით გაიზარდა. როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ასევე იტალია უცხოეთში საქართველოს მოქალაქეთა დასაქმების უმსხვილეს ცენტრებს წარმოადგენს, გზავნილების მატება, განსაკუთრებით კი აშშ-დან ამ ქვეყანაში ქართული ემიგრაციის ზრდაზე მიანიშნებს.

2024 წელს 65%-ით, ანუ 987 მილიონი დოლარით შემცირდა ფულადი გზავნილები რუსეთის ფედერაციიდან, რაც მიგრაციული ტალღის შემცირებაზე მეტყველებს. შედარებისთვის, 2021 წელს, ანუ უკრაინაში შეჭრამდე, რუსეთიდან საქართველოში 411 მილიონი დოლარი გადმორიცხეს, 2022 წელს ეს თანხა $2 მილიარდამდე გაიზარდა, 2023-ში $1.5 მილიარდამდე შემცირდა, 2024-ში კი მხოლოდ 411 მილიონი იყო.

სახელმწიფო ვალის სტატისტიკა

ფინანსთა სამინისტრომ 2024 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს საგარეო ვალის სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ვალის მთლიანი მოცულობა გასულ წელს $319 მილიონი დოლარით შემცირდა და მან $8.6 მილიარდი შეადგინა. თუმცა ამ კლების მთავარი მდგენელი არა საქართველოს მიერ ვალის გასტუმრება, არამედ ევროს გაუფასურება იყო.

საქმე ისაა, რომ საქართველოს საგარეო ვალის 59% ევროში არის ნომინირებული, ხოლო 2024 წელს ევრო დოლართან მიმართებით 5.6%-ით გაუფასურდა. ეს გაუფასურება საქართველოს საგარეო ვალზეც აისახა და დოლარში მისი მნიშვნელობა შეამცირა. დოლარში ვალის ნაშთის კლების მიუხედავად, გაზრდილია მისი ღირებულება ლარებში, რაც თავის მხრივ ლარის გაუფასურებას უკავშირდება. 2024 წელს ლარი 4.5%-ით გაუფასურდა, რის გამოც ვალის ნაშთი 150 მილიონი ლარით, 24.1 მილიარდ ლარამდე გაიზარდა.

რაც შეეხება კრედიტორთა სტატისტიკას, საქართველოს საგარეო ვალი უმეტესწილად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიმართ არსებული ვალებისგან შედგება. მათ შორის პირველ ადგილზეა აზიის განვითარების ბანკი, რომლის მიმართაც ვალი 2.3 მილიარდ დოლარს შეადგენს. მეორე ადგილზეა მსოფლიო ბანკი, რომლის მიმართაც ვალის ნაშთი 2.1 მილიარდი დოლარია.

ირაკლი კობახიძე დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე არ დაპატიჟეს

დავოსის 2025 წლის მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ ფორუმზე და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ირაკლი კობახიძე არ მიიწვიეს. bm.ge-ს მთავრობის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ არც დავოსის ეკონომიკურ ფორუმში და არც თებერვალში გასამართ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს. თუმცა, თავდაპირველად არ განუმარტავთ მიზეზი.

დამაზუსტებელი კითხვის პასუხად კი, ადმინისტრაციამ მოგვწერა, რომ მიწვევა არც დავოსიდან და არც მიუნხენიდან არ მოსულა. ეს იქნება პირველი შემთხვევა ბოლო 20 წელში, როცა საქართველო დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე მიწვეული არ არის, რადგანაც ქართული ოცნების წინა პრემიერ-მინისტრები დავოსის ფორუმში აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას.

18 დეპუტატის მხარდაჭერით, დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში წარდგენილია წინადადება ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესახებ

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის 18-მა ლიბერალ დემოკრატიული პარტიის წევრმა წარადგინა წინადადება ბიძინა ივანიშვილის ფინანსური დასანქცირების შესახებ, სანქციების განმარტებით ბარათში წერია:

„პალატა გამოხატავს ღრმა შეშფოთება საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენების გამო; გმობს ბიძინა ივანიშვილის როლს დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრასა და საქართველოში რუსული გავლენების ხელშეწყობაში; მიუთითებს, რომ აშშ-მ სანქციები დაუწესა ივანიშვილს და მოუწოდებს ბრიტანეთის მთავრობას იმავეს გაკეთებისკენ, რათა აჩვენოს მტკიცე პოზიცია დემოკრატიული უკუსვლის წინააღმდეგ; მოუწოდებს გაერთიანებულ სამეფოს გადახედოს საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას და რუსეთის ჩარევის წინააღმდეგ ევროპელ პარტნიორებთან ახლო კოორდინაციისკენ; და კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების მიმართ მხარდაჭერას,"- ნათქვამია დოკუმენტში.

თბილისის შემოვლითი გზის პროექტის დეტალები ცნობილი გახდა

თბილისის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში მცხეთის რაიონის სოფელი წიწამურიდან, თბილისში ავჭალის დასახლებამდე ახალი 6.5-კილომეტრიანი 4-ზოლიანი გზის მშენებლობა იგეგმება, რომელიც 3.4-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანასაც ითვალისწინებს.

თბილისის შემოვლითი გზის პროექტირების სამუშაოები ჯერ კიდევ 2017 წლიდან მიმდინარეობს და მასზე იტალიური საინჟინრო კომპანიები Anas International Enterprise-ი და IRD Engineering-ი მუშაობენ. ახალმა გზამ გვერდი უნა აუაროს თბილისს და ის ძირითადად იმ მონაკვეთებზე გაივლის, სადაც წარსულში თბილისის შემოვლითი რკინიგზის მონაკვეთს უნდა გაევლო, თუმცა აღნიშნული რკინიგზის განვითარება 2013 წელს შეჩერდა, მას შემდეგ კი დაიწყო მსჯელობა ამ ტერიტორიაზე თბილისის შემოვლითი მაგისტრალის განვითარების შესახებ, რასაც აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. პროექტს არა თბილისის მერია, არამედ ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.

ახალი მაგისტრალის პროექტირება უკვე არაერთი წელია მიმდინარეობს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანახმად, გზის წიწამური-ავჭალის 6.5-კილომეტრიან მონაკვეთზე რამდენიმე ალტერნატივიდან უკვე შერჩეულია ალტერნატივა, რომელიც 3.4-კილომეტრიანი პარალელური გვირაბების გაყვანას ითვალისწინებს.

თბილისში ელექტრომობილების დასამუხტი 198 დამტენი სადგურის დასამონტაჟებლად 8.6-მილიონიანი კონკურსი გამოცხადდა

თბილისის მერია აუქციონებს აცხადებს ელექტროდამტენების მონტაჟზე, რომელიც 198 ლოკაციაზე განთავსდება - შესაბამისი განცხადება კახა კალაძემ დღეს გააკეთა. დღესვე თბილისის მერიის ქონების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა სამი აუქციონი, რომლებიც აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად 198 მიწის ნაკვეთის გადაცემას ითვალისწინებს. იჯარის ხანგრძლივობა 10 თვე იქნება.

თითოეულ მისამართზე არანაკლებ 30 კილოვატ საათზე გათვლილი დამტენები უნდა განთავსდეს. თბილისის მერიის მიერ გამოცხადებულ თითოეულ აუქციონში სულ 66 მიწის ნაკვეთი არის გამოტანილი (ჯამში 198 ნაკვეთი), აღნიშნული მიწის ნაკვეთების ფართობი კი 1 კვადრატულ მეტრს შეადგენს. თითოეული აუქციონის საწყისი ფასი 43,560 ლარს შეადგენს, რაც ჯამურად 8.6 მილიონი ლარია. აუქციონის თანახმად, ინვესტორი ვალდებული იქნება თითოეულ ლოკაციაზე 1 დამტენი განათავსოს, ხოლო ინვესტორის მოთხოვნით შესაძლებელი იქნება ნაკვეთზე 2 დამტენიც დამონტაჟდეს.

"საქართველოს ბანკის ჯგუფის" სომხურმა შვილობილმა "AmeriaBank"-მა IFC-სგან $200 მილიონი მიიღო

"საქართველოს ბანკის ჯგუფი" აცხადებს, რომ სომხეთში მდებარე მისმა შვილობილი ბანკმა Ameriabank-მა საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან 200 მილიონი დოლარის სასესხო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად ამ თანხის ნახევარი (100 მილიონი) დაიხარჯება კლიმატურად მდგრადი პროექტების დაფინანსებაზე, მეოთხედი ($50 მლნ) - მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად, ხოლო დარჩენილი მეოთხედი($50 მლნ) - ქალების მართული ბიზნესების განვითარებისათვის.

მაგთიმ საკუთარ ქსელზე MVNO ოპერატორების დაშვების წესები გამოაქვეყნა

"მაგთიმ" საკუთარ ქსელზე მესამე პირების, მათ შორის მობილური ვირტუალური MVNO ოპერატორების დაშვების პირობები გამოაქვეყნა - ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია აქვეყნებს.

სწორედ ComCom-ის მიერ 2024 წლის ზაფხულში მიღებული გადაწყვეტილებით, "მაგთი" როგორც ფიქსირებულ, ასევე მობილური კავშირგაბმულობის ბაზრებზე ჭარბი ძალაუფლების მქონე ოპერატორად გამოცხადდა და მას მთელი რიგი ვალდებულებები განესაზღვრა. კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, "მაგთის" მხრიდან ღია დაშვების უზრუნველყოფამ ქვეყნის ტელეკომუნიკაციების ბაზარზე კონკურენციის მხრივ არსებული მდგომარეობა უნდა გააუმჯობესოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები