მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს - ფორუმი 20 იანვარს დაიწყება

დავოსი

დავოსის 2025 წლის მსოფლიოს უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობას არ მიიღებს საქართველო.

bm.ge-ს მთავრობის ადმინისტრაციაში უთხრეს, რომ არც დავოსის ეკონომიკურ ფორუმში და არც თებერვალში გასამართ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს.

კითხვაზე - არის თუ არა მიწვეული საქართველო დავოსის ფორუმზე - ადმინისტრაციას პასუხი არ გაუცია. მასალა, ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, განახლდება.

შვეიცარიაში, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში 60 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ნათქვამია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ღონისძიებაში მონაწილე ლიდერებს შორის არის აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც დისკუსიას ონლაინ ჩაერთვება. დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ჩავლენ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ასევე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა. მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს დაესწრებიან ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი დიკ სხოოფი, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ დე კროო და სხვა ევროპელი ლიდერები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები