მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩადუნა“ - კოოპერატივი ახმეტიდან, რომელიც ფოთლოვან და კენკროვან მცენარეებს აგროვებს

60b39e527142c
მარიამ იზორია
31.05.21 10:15
985
ახმეტის მუნიციპალიტეტ სოფელ არგოხში მდებარე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი 2017 წელს დაარსდა და, ჯამში, თხუთმეტ 30-დან 70 წლამდე ადგილობრივ ქალს აერთიანებს.

კოოპერატივის წევრები ფოთლოვან და კენკროვან მცენარეებს აგროვებენ, სხვადასხვა მიქსს აკეთებენ და შემდგომ მცენარეულ ჩაის, ასევე ხილის მურაბებს ამზადებენ; ისინი ვარდის შეგროვება-გამოშრობითაც არიან დაკავებულები. მცენარეული ჩაის თითო შეფუთვა 6 ლარი ღირს.

კოოპერატივის დამფუძნებელი bm.ge-სთან ამბობს, რომ პროდუქციას მცირე რაოდენობით აწარმოებენ და მათ საქმიანობას, ჯერჯერობით, სოციალური ხასიათი უფრო აქვს.

„ჩვენი რეალიზაციის ბაზარი ძალიან მცირეა. პანდემიამდე პროდუქტის მომხმარებლამდე მიტანას ტურიზმის ხარჯზე ვახერხებდით, ჩვენთან მოსულ ტურისტებს ლანჩით ვუმასპინძლდებოდით და ჩაისაც ვთავაზობდით. ასევე, 1 000 ძირი „გალიკას“ ჯიშის ვარდი თავად დავრგე და შემდგომ კოოპერატივის საქმიანობას შევუერთე. ჩვენი დაახლოებით, 80 კგ ვარდი შუამავალმა კომპანიამ გერმანიაში გაიტანა, რომლითაც ეთერზეთები დაამზადეს, მაგრამ სამწუხაროდ, 2019 წელს საექსპორტოდ გამზადებული ვარდი საერთაშორისო ბიოსერტიფიკატის გარეშე არ წაიღეს; ამ სერტიფიკატს საქართველოში მხოლოდ ერთი კომპანია ამზადებს და საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. რაც შეეხება კილოგრამის ფასს, საერთაშორისო ბაზარზე 25-30 ევროა, თუმცა ჩვენ უფრო იაფად გავყიდეთ, სერტიფიკატის არქონის გამო. ახლა საჩუქრად სახდელი მივიღე, რომლითაც ეთერზეთების მომზადებას ვაპირებ, ჯერჯერობით, შესწავლის პროცესში ვარ“, - ყვება ნატალია მამაგულიშვილი.

კოოპერატივის მთავარი პრობლემა პროდუქტის რეალიზაციაა. ნატალია მამაგულიშვილი იმედოვნებს, რომ კოოპერატივს კიდევ ბევრი ახალგაზრდა შეუერთდება და მათი საქმიანობა ფინანსურ მოგებასაც ნახავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები