კახეთში, კერძოდ ყვარელში მდებარე საოჯახო მარანი „მეღვინეობა ჩადუნა“ ადგილობრივ ბაზარზე მალე გამოჩნდება. მეღვინე და მეღვინეობის დამფუძნებელი, გიორგი შიუკაშვილი BM.GE-სთან საუბრისას აცხადებს, რომ იდეა მისი პროფესიიდან გამომდინარე გაჩნდა.
მარნის მშენებლობა 2 წლის წინ დაიწყო და მისი დასრულების შემდეგ, ღვინის წარმოებაც დაიწყო. საწყის ეტაპზე, მარანში 100 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, ხოლო მოგვიანებით მეღვინეობამ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ 30 000 ლარიანი გრანტი მოიპოვა, რითაც საჭირო ტექნიკა უზრუნველყო.
შიუკაშვილის თქმით, წელიწადში დაახლოებით 10000 ბოთლამდე ღვინოს ასხამს, რომელიც რამდენიმე თვეა ჩინეთის ბაზარზე იყიდება. თუმცა, მეღვინის ინფორმაციით, ნოემბრიდან, „მეღვინეობა ჩადუნას“ ღვინო ადგილობრივ ბაზარზე, ღვინის ბარებსა და მაღაზიებში გამოჩნდება.
„ნედლეული ძირითადად საკუთარი ვენახებიდან ვწურავთ. მარნიდან 5 წუთის სავალზე, ყვარელში, წინკლდეების მიკროზონაში 3 ჰა-ზე გვაქვს ვენახები გაშენებული. წელიწადში ჯამში დაახლოებით 8000-10000 ბოთლამდე 2 სახის ქვევრის ღვინოს ვაწარმოებთ. კერძოდ, ქარვისფერი და საფერავი.
საქართველოს ბაზარზე წელს პირველად „გურჯაანის ღვინის ფესტივალზე" გამოვჩნდით. ადგილობრივ ბაზარზე ნოემბრიდან ღვინის ბარებსა და რესტორნებში გამოვჩნდებით. პირველ ეტაპზე მცირე, სატესტო რეჟიმით ვიქნებით წარმოდგენილი“,- განაცხადა შიუკაშვილმა.
მეღვინეობის დამფუძნებლის განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ ადგილობრივი ბაზრის ათვისებას გეგმავენ, მომავალ წელს, წარმოების დაახლოებით 30%-იანი ზრდაა დაგეგმილი. ამასთან, წარმოებაში ამჟამად 6 ადამიანი არის ჩართული, მაგრამ ზრდის პარალელურად კადრების დამატებასაც გეგმავენ.
შიუკაშვილი ჩვენთან საუბრისას სამომავლო გეგმებზეც საუბრობს, მისი თქმით, მარნის მიმდებარედ სასტუმროს აშენება იგეგმება, თუმცა აღნიშნული მხოლოდ იდეაა.