ჩაის დარგისთვის 50/50-ზე დაფინანსების მოდელი, შესაძლოა, დამამძიმებელი აღმოჩნდეს - ამის შესახებ BMG-სთან ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი თენგიზ სვანიძე საუბრობს. მისი თქმით, ასოციაციებთან შეხვედრაზე უწყებამ სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამების ახალი ხედვა წარადგინა. რეფორმის ფარგლებში, სახელმწიფო დაფინანსების სქემების გამარტივებას, მონიტორინგის გაძლიერებას და პროგრამების ერთიან ჩარჩოში მოქცევას გეგმავს.
ასოციაციების წარმომადგენლების ინფორმაციით, ძირითადი სიახლე თანადაფინანსების წესს ეხება - პროექტების უმეტესობა 50/50-ზე პრინციპით დაფინანსდება. სვანიძე აღნიშნავს, რომ ჩაის სექტორისთვის, რომელიც ჯერ კიდევ რეაბილიტაციის პროცესშია, ეს პირობა შესაძლოა რთულად შესასრულებელი აღმოჩნდეს.
„ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამაში აქამდე დიფერენცირებული მიდგომა გვქონდა: კოოპერატივებისთვის სახელმწიფოს წილი 90%-ს აღწევდა, კერძო საკუთრების შემთხვევაში კი 60/40-ზე ან 70/30-ზე იყო. თუ 50/50-ზე მოდელი დამტკიცდა, ეს პირობების გაუარესება იქნება. ჩაის დარგი გაჭირვებაშია და ბენეფიციარებს ამხელა თანამონაწილეობა გაუჭირდებათ“, - აცხადებს ასოციაციის პრეზიდენტი BMG-სთან და აღნიშნავს, რომ საბოლოოდ, მაინც დასაზუსტებელია, როგორ შეეხება დაფინანსების ეს მოდელი ჩაის სექტორს.
მისივე თქმით, დარგის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქართული ჩაის ცნობადობის გაზრდა და ახალი ბაზრების ათვისება, ამიტომ ასოციაციამ გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დარგის განვითარების საკუთარი კონცეფცია წარუდგინა, რომელიც აქცენტს არა მხოლოდ პლანტაციების აღდგენაზე, არამედ გაყიდვების სტიმულირებაზე აკეთებს.
„ჩვენი თხოვნაა, რომ თანხა, რომელიც ჩაის პლანტაციცების რეაბილიტაციის პროექტში იყო, უფრო მეტად მარკეტინგის და ბაზრების მიმართულებით გადანაწილდეს. გვინდა, რომ ბაზრები საერთაშორისო დონეზე უფრო გაფართოვდეს, ვიდრე შიდა ბაზარზეა. პლანტაციების რეაბილიტაციაც უნდა გაგრძელდეს, ოღონდ შეზღუდული მოცულობით - იქ, სადაც ეს რეგიონული საჭიროებიდან გამომდინარეობს, რათა ნედლეული არ დაიკარგოს და არსებული რესურსი არ გაველურდეს“, - აცხადებს სვანიძე BMG-სთან.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე იმპორტირებული, ხშირად დემპინგური ფასის მქონე პროდუქცია დომინირებს, ქართული ჩაის წილი ადგილობრივ გაყიდვებში სტაბილურად იზრდება. სვანიძის ინფორმაციით, თუ რამდენიმე წლის წინ ქართული ჩაის ხვედრითი წილი 15%-ს არ აღემატებოდა, დღეს ეს მაჩვენებელი 30%-ს უახლოვდება.
„ჩვენი მიზანია ჩაის წარმოების გაზრდა, რაც იმპორტის ეტაპობრივ ჩანაცვლებას, ექსპორტის ზრდას და, რაც მთავარია, სამუშაო ადგილების შექმნას ნიშნავს. დასავლეთ საქართველოში არის რეგიონები, სადაც სამუშაო ადგილები სანთლით საძებარია და ჩაის დარგს შეუძლია ეს პრობლემა მნიშვნელოვანწილად გადაჭრას“, - აცხადებს თენგიზ სვანიძე.
მისივე განმარტებით, სამინისტროსა და დარგობრივ ასოციაციებს შორის კონსულტაციები გრძელდება. განახლებული სახელმწიფო პროგრამების დეტალური პაკეტი, სავარაუდოდ, ერთ თვეში გახდება ცნობილი. მეჩაიეები იმედოვნებენ, რომ სახელმწიფო მათ მიერ წარდგენილ სპეციფიკურ საჭიროებებსა და რისკებს გაითვალისწინებს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო აგრორეფორმას აანონსებს. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რეფორმის ფარგლებში, პროგრამის ძირითადი მიმართულებები შემუშავდა, რაც უახლოეს პერიოდში გასაჯაროვდება. სამინისტროსვე ინფორმაციით, რეფორმა ექსპორტის პოზიციებისა და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერებას ითვალისწინებს.




























