მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩაის რეაბლიტაციის პროგრამის ფარგლებში 1200 ჰა-ზე მეტი ჩაის პლანტაციაა რეაბილიტირებული - სოლომონ პავლიაშვილი ჩაის ფესტივალზე

ჩაის ტური
12.10.24 17:00
297

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი მთაწმინიდის პარკში გამართულ ქართული ჩაის ფესტივალს დაესწრო. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ სახელმწიფო ქართული ჩაის მწარმოებლების ხელშესაწყობად არაერთ პროგრამას ახორციელებს და ისინი მომავალშიც გაგრძელდება.

მისივე თქმით, ჩაის რეაბლიტაციის პროგრამის ფარგლებში უკვე 1200 ჰა-ზე მეტი ჩაის პლანტაციაა რეაბილიტირებული.

„ჩაის ფესტივალი კარგი პლატფორმაა იმისთვის, რომ ჩაის მწარმოებლებმა საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაცია მოახდინონ. ჩვენი ძირითადი ამოცანა ექსპორტის წახალისება და ახალი ბაზრების მოძიებაა; ამ მიმართულებაში სახელმწიფო აქტიურადაა ჩართული. ქართული ჩაის ხელშესაწყობად სახელმწიფო ჩაის რეაბლიტაციის პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 1200 ჰა-ზე მეტი ჩაის პლანტაცია უკვე რეაბილიტირებულია; ამასთან ერთად, შესაბამისი ტექნიკითაც ვეხმარებით ფერმერებს”, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.

ქართული ჩაის ფესტივალი ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებით და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა. მასში მონაწილეობას ქართული ჩაის და თაფლის 20-მდე მწარმოებელი იღებდა. ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის, თენგიზ სვანიძის თქმით, ქართული ჩაი ადგილობრივ ბაზარზე სულ უფრო პოპულარული ხდება და დღეს მას ბაზრის 25% უკავია.

„ქართული ჩაი, განსაკუთრებით ბოლო წლებში, ძალიან ხარისხიანი და კონკურენტუნარიანია; ხარისხით არცერთ უცხოურ ჩაის არ ჩამოუვარდება, ზოგ შემთხვევაში, სჯობს კიდეც. ქართულ ჩაის დიდი პერსპექტივა აქვს ქართული ეკონომიკის განვითარებაში. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერა ამ მიმართულებით უდავოა; რამდენიმე წელია მიმდინარეობს ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარა დარგის განვითარებას“, - განაცხადა თენგიზ სვანიძემ.

ქართული ჩაის მწარმოებლები მსგავსი სახის ღონისძიებებს მიესალმებიან. მათი თქმით, ფესტივალი საშუალებას აძლევთ მომხმარებლებთან პირდაპირი კომუნკინაცია დაამყარონ და ახალი პროდუქცია გააცნონ.

ფესტივალი 2005 წლიდან იმართება და მისი მიზანი ქართული ჩაის პოპულარიზაცია და ჩაის მწარმოებლების მხარდაჭერაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები