მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩაის სექტორში გამოფენები ვერ მუშაობს იმ ეფექტით, რაც გვჭირდება" – "გრიგოლდი"

ჩაი

ქართული ჩაის მწარმოებლები აცხადებენ, რომ საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა, მიუხედავად არსებული სახელმწიფო პროგრამებისა, პრაქტიკულ შედეგს ვერ იძლევა და სექტორის განვითარებისთვის საკმარისი არ არის. ამის შესახებ ჩაის მწარმოებელი „გრინგოლდის“ დამფუძნებელმა ნიკა სიორიძემ BM.GE-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

„თუ კომპანია აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს და სურს გამოფენაში მონაწილეობა, ამისთვის პრაქტიკულად არანაირი ბარიერი არ არსებობს. პრობლემა სხვა რამეშია - ეს გამოფენები ვერ მუშაობს იმ ეფექტით, რაც გვჭირდება. ჩვენ აქტიურად ვიყავით წარმოდგენილი სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე - მათ შორის ამსტერდამში, ჩიკაგოში გვყავდა წარმომადგენელი, ჩვენი გუნდის წევრები მონაწილეობდნენ Anuga-ზეც და სხვა გამოფენებზეც.

თუმცა, მთავარი გამოწვევა ისაა, რომ ქართული ჩაი ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობადია საერთაშორისო ბაზარზე. არ გვაქვს საკმარისი პოპულარიზაცია და ბრენდული აღქმა. ასეთ პირობებში კი, მსგავსი გამოფენებიდან კონკრეტული შედეგის მიღწევა საკმაოდ რთულია“, - აცხადებს სიორიძე.

მისივე განმარტებით, მრავალპროდუქტიან გამოფენებზე ჩაის სეგმენტი ხშირად ჩრდილში ექცევა, რადგან ერთ სივრცეში სხვადასხვა ტიპის პროდუქციაა წარმოდგენილი, რაც კონკრეტული დარგის ეფექტიან წარმოჩენას ართულებს. ამ მიმართულებით, მეწარმე პოზიტიურ ნაბიჯად სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ახალ მიდგომას აფასებს, რომელიც მიზნობრივ, სექტორულ გამოფენებზე გადასვლას გულისხმობს - მაგალითად ისეთ ღონისძიებებზე, სადაც წარმოდგენილია მხოლოდ ჩაი, ყავა და კაკაო. სიორიძის თქმით, ასეთი ფორმატი მნიშვნელოვნად ზრდის პროდუქტის სწორად პოზიციონირების შანსს.

„დღეს მთავარი პრობლემა არ არის ტექნოლოგია ან წარმოება - ეს უკვე გვაქვს. მთავარი გამოწვევა არის ცნობადობა. ქართული ჩაი როგორც ბრენდი უნდა გახდეს ცნობილი, ისე როგორც ეს მოხდა ქართულ ღვინოსთან დაკავშირებით. ეს პროცესი დროისა და სისტემური მუშაობის საკითხია. უკვე ორი წელია ამ მიმართულებით ვმუშაობთ, თუმცა როგორც თავის დროზე მოხდა ქართული ღვინის შემთხვევაში - როცა სწორად დაგეგმილი პიარის შედეგად, ის გახდა ცნობილი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც - ზუსტად იგივე სჭირდება ქართულ ჩაისაც.

ქართული ჩაი მართლაც უნიკალურია - უფრო სუფთა, უფრო ორგანული, რასაც მათ შორის „ეკოსერტის“ სერტიფიკატიც ადასტურებს. თუმცა, ამ ეტაპზე ეს ცოდნა ძალიან შეზღუდულ წრეშია ცნობილი. მთავარი ამოცანაა, ეს ინფორმაცია ფართო აუდიტორიამდე მივიდეს. ამისთვის საჭიროა მიზანმიმართული ძალისხმევა, შრომა და ერთიანი სტრატეგია. ცალკეული კომპანიების მცდელობები საკმარისი არ არის. თუ პროცესი სისტემურად არ წარიმართა, სექტორის სრულფასოვანი განვითარება გაჭირდება“, - აღნიშნავს სიორიძე.

ცნობისთვის, 2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან ჩაის ექსპორტი ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. საქსტატის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ქვეყნიდან ექსპორტირებულია 297 ტონა ჩაი, რომლის საერთო ღირებულებამ 673 ათასი დოლარი შეადგინა. რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს, გასულ წელს საქართველომ 1 790 ტონა ჩაი გაყიდა, საიდანაც $3.9 მლნ-ის შემოსავალი მიიღო, მაშინ როდესაც 2024 წელს ექსპორტირებული ჩაის მოცულობა 1 689 ტონას შეადგენდა, ხოლო ღირებულება $2.8 მლნ-ს. აღნიშნული სტატისტიკური მონაცემებით ჩანს, რომ 2025 წელს ჩაის ექსპორტი 2024 წელთან შედარებით 37.3%-ით გაიზარდა, ხოლო მოცულობით 6%-მდე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები