მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩაის ტექნიკური რეგლამენტი 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდება - რას ითვალისწინებს მთავრობის დამტკიცებული დოკუმენტი?

ჩაი

საქართველოს მთავრობამ „ჩაის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა“, რომელიც მიმდინარე წლის პირველი სექტემბრიდან უნდა ამოქმედდეს.

17 ივლისს ირაკლი კობახიძის მიერ გამოცემული 333-ე დადგენილების მიხედვით, რეგლამენტი ადგენს სხვადასხვა სახეობის ჩაის, ჩაის ბუჩქის ანუ ჩინური კამელიას Camellia sinensis (L) O. Kuntze-ს დუყისგან დამზადებული სასმელის – ჩაის მიმართ მოთხოვნებს და ბიზნესოპერატორის მიერ ჩაის წარმოების, გადამუშავებისა და ბაზარზე განთავსების პირობებს აწესრიგებს.

რეგლამენტით განისაზღვრება ჩაის მცენარესთან, ფოთოლთან, მშრალ ფოთოლთან, ფერთან, სურნელთან, გემოვნურ თვისებებთან, ტექნოლოგიებთან და ხარისხის საერთაშორისო აღნიშვნებთან (Whole Leaf, Brokens, Fannings, Dust) დაკავშირებული ტერმინები. ასევე განისაზღვრება ხარისხობრივი, ორგანოლეპტიკური და ქიმიურ მაჩვენებლები, რაც მოიცავს ჩაის კატეგორიების (ფოთლოვანი, წვრილი, გრანულირებული, დაწნეხილი), ხარისხის (თაიგული, უმაღლესი, 1-ელი, მე-2, მე-3) და ქიმიური შემადგენლობის მიმართ (სინესტე, ექსტრაქტული ნივთიერებები, ნაცარი, ნედლი ბოჭკო) მოთხოვნებს.

დადგენილების მიხედვით, ჩაის პროდუქციის ბაზარზე განთავსება ტექნიკური რეგლამენტითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უვნებლობის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. ის უნდა იყოს სტანდარტების მიხედვით ეტიკეტირებული და მიზანშეწონილია სატრანსპორტო ტარაზე განთავსებული იყოს წარწერა - დაიცავით სინესტისგან ან მოარიდეთ სინესტეს.

დაფასოებული და დაუფასოებელი ჩაის მიმართ სპეციფიკური მოთხოვნებია გაწერილი.

ამასთან, რეგლამენტი განსაზღვრავს ბიზნესოპერატორის მიერ ჰიგიენის დაცვის მოთხოვნებს. ზოგადი მოთხოვნების გარდა ბიზნესოპერატორი, რომელიც დაკავებულია ჩაის წარმოებით, გადამუშავებით ან დისტრიბუციით ჰიგიენის სპეციფიკური მოთხოვნები უნდა დაიცვას, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩაის შესანახ სათავსოში ჰაერის ფარდობითი ტენიანობა 70%-ს არ უნდა აღემატებოდეს და დაუშვებელია ამ სათავსოში მალფუჭებადი სურსათისა და მკვეთრი სუნის მქონე პროდუქციის შენახვა.

ჩაისა და ჩაის პროდუქციის მოთხოვნებთან შესაბამისობას სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლის დროს გააკონტროლებს და ამავე დროს თავად ბიზნესოპერატორი უზრუნველყოფს საწარმოო კონტროლის დროს შესამისობის შემოწმებას.

მიუხედავად იმისა, რომ რეგლამენტი 2026 წლის პირველი იანვრიდან უნდა ამოქმედდეს, დადგენილება ბაზარზე განთავსებული პროდუქტის მიმართ გარდამავალ პერიოდის შემოღებას ითვალისწინებს, ანუ ის ჩაი, რომელიც ბაზარზე განთავსებულია ან/და ეტიკეტირებულია ამ დადგენილების ამოქმედებამდე (2026 წლის 1 სექტემბრამდე) და არ შეესაბამება ახალი ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, ბაზარზე დაშვებული იქნება სურსათის ვარგისიანობის ვადის გასვლამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2027 წლის 1 სექტემბრისა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები