აშშ-უკრაინის შეთანხმება, რომელიც ომის დასრულების წინაპირობას წარმოადგენს, ჯერაც აქტიური განხილვის ფაზაშია და როგორც ამჟამად ირკვევა, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინისთვის 200 მილიარდი დოლარის ვალის ჩამოწერას გეგმავს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამჯერად ვაშინგტონი უკრაინისგან $100 მილიარდის ამოღებას ცდილობს, ნაცვლად წინა თვეს ხსენებული $300 მილიარდისა, ხოლო $500-მილიარდიან ვალზე საუბარი საერთოდ შეჩერებულია.
უნდა აღინიშნოს, რომ $100 მილიარდი თითქმის ზუსტად ემთხვევა იმ თანხას, რომელზედაც უკრაინის მთავრობა და დამოუკიდებელი კვლევითი ინსტიტუტები მიუთითებენ.
მართალია, ვალის მოცულობის მიმართულებით ტრამპის მოთხოვნები შერბილებულია, თუმცა ბუნებრივ რესურსებზე წვდომის მოპოვების ასპექტში აშშ-ის პრეზიდენტი მაინც იმაზე გაცილებით მეტს ითხოვს, ვიდრე ამას უკრაინული მხარე სამართლიანად მიიჩნევს.
არსებული ინფორმაციით, ბოლო პერიოდში მინერალების შეთანხმების გაფორმების მიმართულებით პოზიტიური ძვრებია და არ არის გამორიცხული, რომ უახლოეს მომავალში მხარეებმა საბოლოო დოკუმენტი გააფორმონ.




























