მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩამოყალიბდება ეკონომიკის ციფრული ტრანსფორმაციის საბჭო - მინისტრი

6234303eb4217
მარიამ იზორია
18.03.22 11:20
1090
„საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორთან შევჯერდით, რომ ქვეყანაში ჩამოყალიბდება ციფრული ტრანსფორმაციის საბჭო, რომლის ფარგლებში სახელმწიფო და კერძო სექტორი ერთად ვიმუშავებთ, რათა მთლიანად ეკონომიკის ციფრული ტრანსფორმაცია მოხდეს, მათ შორის, განვითარდეს IT - მიმართულებებიც, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, დასაქმებას და დამატებითი შემოსავლების მობილიზებას შეუწყობს ხელს. მიგვაჩნია, რომ ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მიმართულება მომავალში სწორედ ციფრული ტექნოლოგიების განვითარება იქნება,“ - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრაზე ბიზნესის წარმომადგენლების შეკითხვებს მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა, სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა ეკა ყუბუსიძემ და სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემაც უპასუხეს. 

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო სამინისტროს ხედვები, როგორც უშუალოდ საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგის, ასევე ზოგადად ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებებით უკვე გატარებულ ღონისძიებებზე და სამომავლო გეგმებზე. აღინიშნა, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელობა მიესალმება ბიზნესის მხრიდან წამოსულ ინიციატივებს დარგის უფრო სწრაფად განვითარების მხრივ და მათ მუდმივმოქმედი ქმედითი საკომუნიკაციო პლატფორმის შექმნა შესთავაზა, რაც ბიზნესის მხრიდან დადებითად იქნა მიღებული.

შეხვედრაზე გაიმართა შედეგიანი დიალოგი, რომლის ფარგლებში გამოიკვეთა პრიორიტეტული მიმართულებები საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების დარგის განვითარების, ქვეყანაში შექმნილი ტექნოლოგიური პროდუქტების საერთაშორისო ბაზრებზე გატანის ხელშეწყობის, დარგში პროფესიული კადრების გადამზადების კუთხით და სხვა.

„მსგავსი დარგობრივი შეხვედრები გვექნება ყველა სექტორთან იმისთვის, რომ უშუალოდ მათგან მოვისმინოთ პირველად საჭიროებები, ავსახოთ ისინი ჩვენს პოლიტიკაში, რომელიც უფრო ქმედითი და საჭიროებებზე ორიენტირებული იქნება", - განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები