ჩამქრალი საქართველო არავის უნდა! - ასე ეხმაურება GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი მაია მელიქიძე საქართველოს რეგიონებში უამინდობის გამო ელექტროენერგიის მიწოდებაში შექმნილ პრობლემებს. ენერგეტიკის დარგის წარმომადგენელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დღეს გაცვეთილი ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაცია აუცილებელია, რაც თავის მხრივ კომპანიების მხრიდან ინვესტირებას საჭიროებს. მაია მელიქიძე იმასაც აღნიშნავს, რომ ქსელის განვითარებაში ინვესტირება დენის ტარიფს გაზრდის, თუმცა აღნიშნავს, რომ „ქსელში ინვესტიციის განხორციელება კრიტიკულად მნიშვნელოვანია. გადამცემი ქსელი საჭიროებს რეაბილიტაციას!!
„ჩამქრალი საქართველო არავის უნდა!
ეს მწარე გაკვეთილი თითოეული ჩვენგანისთვის რთულად გავლილია, კარგად დამახსოვრებულია და გამეორება არავის გვსურს.
ელექტროენერგიის უწყვეტად, საიმედოდ მიწოდების მხრივ განსაკუთრებით რთული ვითარებაა რაიონებსა და რეგიონებში:
- - თოვლი მოდის ითიშება ელექტროენერგია
- - წვიმა მოდის ანალოგიურად
- - ქარი უბერავს უმალვე წყდება
- - ტემპერატურა ნორმაზე მაღალია დნება სადენები
ცვლილების დროა და ამ ყველაფერს სხვა ვერაფერი მოაგვარებს თუ არა სრული ქსელის რეაბილიტაცია, ვინაიდან გაცვეთილია.
ამას ემატება განვითარების თანმდევი, მზის და ქარის ენერგიის ინტეგრაცია ქსელში, რაც გარდაუვალია. სხვა შემთხვევაში მზის თუ ქარის ელექტროსადგურების მშენებლობა სირთულეების წინაშე აღმოჩნდება. დამაგროვებლის შემოღების ტვირთს ყველა ვერ აწევს დღეს, თუმც ორ წელიწადში სხვა გზა არ იქნება.
როგორც სემეკის ყოფილი წევრი, დღეს GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი, 10 წლის განმავლობაში სექტორში მყოფი პირი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ინვესტიციების განხორციელება გარდაუვალია, რაც პირდაპირპროპორციულად დაკავშირებულია ტარიფთან, რომელიც ითვლება საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების გათვალისწინებით შემუშავებული მეთოდოლოგიით“, - წერს მაია მელიქიძე.
კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 29 დეკემბერს ძლიერმა თოვამ და ყინულმოცვამ მწყობრიდან გამოიყვანა "ენერგო-პრო ჯორჯიას“ კუთვნილი ელექტროენერგიის ქსელი. მიუხედავად იმისა, რომ გადაადგილება ჭირს, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ სპეციალური ბრიგადები, მეორე დღეა საგანგებო რეჟიმში მუშაობას აგრძელებენ.
ამასთან, 29 დეკემბერს სემეკმა ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდის გადავადების გადაწყვეტილება მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ დენი პირველი იანვრიდან არ გაძვირდება, როგორც ამას მარეგულირებელი ბოლო 2 კვირაა აანონსებდა. სემეკში ტარიფების გადახედვის 3 მიზეზს ასახელებენ - მთავრობასთან კონსულტაციებს, კომპანიების თხოვნას და დაუზუსტებელ ბალანსს. სემეკის სხდომის შემდეგ ისიც გაირკვა, რომ ენერგოკომპანიებს მარეგულირებელთან შეთანხმებული საინვესტიციო ვალდებულებების შემცირებაც მოუწევდათ, რათა ტარიფის ზრდა მტკივნეული არ იყოს.




























