მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიის, Berkshire Hathaway-ის დამფუძნებელმა და ლეგენდარულმა ინვესტორმა, უორენ ბაფეტმა კომპანიის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც კომპანიის ვიცე-თავმჯდომარის, ჩარლი მანგერის მოსაგონარი სიტყვით დაიწყო.
როგორც უორენ ბაფეტი წერს, იმ ფორმით, რა ფორმითაც Berkshire Hathaway-ი დღეს არსებობს, სწორედ ჩარლი მანგერის დამსახურებაა, რადგან ამ კომპანიის “არქიტექტორი”, სწორედ ისაა.
“ჩარლი მანგერს, პირველად, 1959 წელს შევხვდი, როცა ის 35 წლისა იყო. 1962 წელს კი, ჩარლი ფინანსური მენეჯერი გახდა. სამი წლის შემდეგ მითხრა და მართებულადაც, რომ სისულელე გავაკეთე, Berkshire-ი რომ ვიყიდე, მაგრამ დამარწმუნა, რომ შეცდომის გამოსწორების გზას მაჩვენებდა…
1965 წელს, ჩარლიმ მითხრა: “უორენ, თავიდან ამოიგდე Berkshire-ის მსგავსი კომპანიების ყიდვის სურვილი. თუმცა რაკიღა Berkshire-ს უკვე ფლობ, დაამატე ის კარგ ფასად გაკეთებულ სხვა შენაძენებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, დაივიწყე ყველაფერი, რაც შენმა მასწავლებელმა, ბენ გრემმა გასწავლა. ეს მიდგომა მხოლოდ მცირე მასშტაბზე მუშაობს”. დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩარლის რჩევა გავითავისე.
ბევრი წლის შემდეგ, ჩარლი ჩემი პარტნიორი გახდა და პერიოდულად მაბრუნებდა მიწაზე, როცა ჩემი ძველი ჩვევები თავს იჩენდა. ამ როლს ის მის გარდაცვალებამდე ასრულებდა და ერთად, მათ შორის ჩვენი ადრეული ინვესტორების დახმარებით, იმაზე უკეთესი შედეგი დავდეთ, ვიდრე ოდესმე წარმოგვედგინა.
დღევანდელი Berkshire-ის არქიტექტორი სწორედ ჩარლი იყო, ხოლო მე - კონტრაქტორი, რომელიც მის ხედვას აღასრულებდა.
შემოქმედის ამ როლს ჩარლი საკუთარ თავს არასდროს მიაწერდა და ჯილდოებსა და აღიარებას მე მიტოვებდა. ჩვენი ურთიერთობისას, ჩარლი, გარკვეულწილად, უფროსი ძმისა და მოალერსე მამის ფუნქციას ასრულბდა. მაშინაც კი, როცა იცოდა, რომ მართალი იყო, თავისუფლად მოქმედების საშუალებას მაძლევდა და სისულელეს რომ გავაკეთდებდი, შეცდომას არასდროს მახსენებდა.
ფიზიკურ სამყაროში, როგორც წესი, დიადი შენობები ისტორიაში არქიტექტორების სახელით შედის, ხოლო ისინი, ვინც ბეტონს ასხამენ და ფანჯრებს ამონტაჟებენ, მალევე ავიწყდებათ. Berkshire-ი დიდებულ კომპანიად იქცა. მართალია, დიდი ხანია, რაც მშენებლობას ვხელმძღვანელობ, მაგრამ არქიტექტორის სამარადჟამო წოდება - ჩარლის უნდა დარჩეს”, - წერს უორენ ბაფეტი ჩარლი მანგერის მოსაგონარ წერილში.
უორენ ბაფეტის მიერ დაფუძნებული Berkshire Hathaway-ი, დღეს, მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს კომპანიად ჩამოყალიბდა, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $905 მილიარდს აღემატება - ამ მაჩვენებლით, ის მსოფლიოში მე-8 ადგილს იკავებს.