OpenAI-ის აღმასრულებელი დირექტორის, სემ ოლტმენის დამ, ენი ოლტმენმა ძმის წინააღმდეგ სექსუალური ძალადობის ბრალდებით სამოქალაქო სასამართლოში განახლებული სარჩელი შეიტანა.
როგორც ირკვევა, სენტ-ლუისის ფედერალურ სასამართლოში საჩივის წარდგენა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც მოსამართლემ ენის საქმის წარმოების გაგრძელების უფლება მისურის შტატის ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის შესახებ კანონის საფუძველზე მისცა.
მოსამართლე ზაქარი ბლუსტოუნის განმარტებით, მართალია სექსუალური შევიწროების შესახებ აღნიშნულ სარჩელს ხანდაზმულობის ვადა 2008 წელს ამოეწურა, თუმცა ფაქტმა, რომ შტატის სპეციალური კანონმდებლობა მსხვერპლს ძველი დანაშაულების გამო სამართლებრივი დავის წარმოების უფლებას აძლევს, მას საშუალება მისცა, განხილვა ოფიციალურად დაეწყო.
განმარტებისთვის, ენი ოლტმენი საკუთარ ძმას 1997-დან 2006 წლამდე პერიოდში, მისურის შტატში მდებარე საოჯახო სახლში განხორციელებულ არაერთგზის ძალადობასა და გაუპატიურებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ძალადობა მაშინ დაიწყო, როდესაც იგი სამი წლის იყო, სემი კი - თორმეტის.
აღსანიშნავია, რომ სემ ოლტმენი წარდგენილ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს. მან ცილისწამების მუხლით საპასუხო სარჩელი დის წინააღმდეგ უკვე შეიტანა და ის ენის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოებს ეფუძნება.
თავად ოლტმენის ოჯახი აცხადებს, რომ ენის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. სასამართლოში წარდგენილ დოკუმენტაციაში OpenAI-ის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ოჯახი დას ფინანსურადაც ეხმარებოდა. ოლტმენი, მისი ოჯახი და ადვოკატები ამბობენ, რომ მიმდინარე სასამართლო პროცესი ფულის გამოძალვას ემსახურება. ცნობისთვის, ოლტმენის ქონება $3.3 მილიარდ დოლარადაა შეფასებული და ის მსოფლიოში ყველაზე ძვირად შეფასებულ AI სტარტაპ OpenAI-ს მართავს.




























