მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჭავჭავაძის სრული რეაბილიტაცია სწორი მენეჯერული გადაწყვეტილების მიხედვით მიმდინარეობს-კალაძე

5ebbace320968
BM.GE
13.05.20 12:14
1000
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, კონკრეტული ტელევიზიის და კონკრეტული ადამიანების მხრიდან იყო მცდელობა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეეყვანათ.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, გამზირის სრული რეაბილიტაცია სწორი მენეჯერული გადაწყვეტილების მიხედვით მიმდინარეობს.

„კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის მიუხედავად, დედაქალაქის მასშტაბით მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. სამუშაოები ვერ მიმდინარეობდა იმ ტემპით, რაც წლის დასაწყისში იყო, თუმცა ყველაფრის მიუხედავად, სამუშაოები ერთი დღით, ერთი წუთით არ შეგვიჩერებია. მინდა ახსნა-განმარტება გავაკეთო ჭავჭავაძის გამზირთან დაკავშირებით, რომლის სრული რეაბილიტაცია გასულ წელს დავიწყეთ.

პროექტის ფარგლებში, მთლიანად ხდება მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება - სანიაღვრე სისტემა, წყალი, ბუნებრივი აირი, წყალარინების ქსელი. როცა სამუშაოები დავიწყეთ, მაშინ იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ რამდენიმე ლოკაციად დაგვეყო, რადგან გამზირის მთლიანად ჩაკეტვა შეუძლებელი იყო. მთლიანი გამზირის რეაბილიტაციით შეიძლება დროში მოგვეგო და უფრო ადრე დამთავრებულიყო, მაგრამ ეს მოსახლეობისთვის გარკვეულ დისკომფორტს გამოიწვევდა. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ადგილობრივ მოსახლეობას, ვინც გაგებით მოეკიდა შექმნილ დისკომფორტს. ჩემთვისაც მნიშვნელოვანია, რომ საფუძვლიანად გაკეთდეს ყველაფერი, რომ შემდგომ ახალგადაგებულ ასფალტზე იმავე სამუშაოების წარმოებამარ მოგვიწიოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ჭავჭავაძის გამზირზე სამუშაოების ბოლო ეტაპი მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, ასფალტის საფარის ზედა ფენა დაიგება.

„ჩვენ რამდენიმე დღის წინ უნივერსიტეტის პირველი და მეორე კორპუსიდან მოყოლებული, გზის მონაკვეთის მომზადება დავიწყეთ, რომ ასფალტის ბოლო ფენა დაიგოს. ამისთვის დაიწყო მნიშვნელოვანი სამუშაოების წარმოება - საკომუნიკაციო ჭების თავების წამოწევა. ამას კონკრეტული ტელევიზიის და კონკრეტული ადამიანების მხრიდან მოჰყვა მცდელობა, საზოგადოება შეცდომაში შეეყვანა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამის შესაძლებლობას არავის მივცემთ და ისინი თავიანთ სიცრუეში დარჩებიან, როგორც ყოველთვის.

ეს არის მათი ბუნებრივი ადგილი. გამზირზე დაახლოებით, 300-მდე საკომუნიკაციო ჭა არის განთავსებული. როგორ წარმოგიდგენიათ, ეს ჭის თავები წამოწეული რომ დაგვეტოვებინა, როგორ მოახერხებდნენ ავტომობილები გადაადგილებას? შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომ, ვინც ერკვევა ინფრასტრუქტურულ პროექტებში, დამეთანხმება, რომ სამუშაოების წარმოება ხდება იქამდე, სანამ ასფალტის ბოლო ფენა დაიგება. ჩვენც ამ კრიტერიუმებს მივყვებით და ახლა სამუშაოების ბოლო ეტაპი იწყება“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძემ ჭავჭავაძის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის სპეციალურად გამოყოფილი ზოლების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ანალოგიური მიდგომა მთელი ქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ქუჩაზე განხორციელდება, რათა მოქალაქეებისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება სწრაფი და კომფორტული იყოს.

„საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამზირის შუა ნაწილი იქნება გამოყოფილი, რომ ავტობუსები ყოველგვარი შეფერხების გარეშე გადაადგილდნენ. ჩვენ ორი წლის წინ ვთქვით, რომ დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე სწრაფი უნდა იყოს და სწორედ ეს არის იმ პოლიტიკის ნაწილი. ანალოგიური პროექტების განხორციელებას მთელი ქალაქის მასშტაბით ვგეგმავთ, რომ შესაბამისი საავტობუსე ზოლები გავაჩინოთ ყველა ქუჩაზე და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლე ადამიანებმა კომფორტულად გადაადგილება მოახერხონ. დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ამისთვის ყველა პირობას შექმნის, როგორც ახალი ავტობუსების, ასევე, შესაბამისი ინფრასტრუქტურის სახით“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები