მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩეჩილი, ტენილი, სულგუნი - „ელიას" ყველის გაყიდვები ოთხჯერ გაეზარდა

ელია

ახალციხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ანდრიაწმინდაში მდებარე აგროტურისტული ობიექტის „ელიას“ ყველის გაყიდვები წელს გაოთხმაგებულია. ამის შესახებ საოჯახო მეურნეობის დამფუძნებელმა ილია ინასარიძემ bm.ge-სთან ისაუბრა.

ობიექტი, ძირითადად, საოჯახო მეურნეობაზეა დაფუძნებული და რძის გადამუშავებით ტრადიციულ ქართულ ყველს აწარმოებს. "ელიაში" დაახლოებით ხუთი სახეობის ყველი, მათ შორის ტენილი, სულგუნი, ჩეჩილი და სხვა ადგილობრივი სახეობები მზადდება. პროდუქციის ფასი კი 16-დან 50 ლარამდე მერყეობს.

"საწარმო თანამედროვე სტანდარტებით არის მოწყობილი და პროდუქცია როგორც ადგილზე, ასევე სხვადასხვა რეგიონში იყიდება. ძირითადად იყიდება ჰორეკა სექტორში - თბილისი, კახეთი, ახალციხე, აჭარა და სხვა რეგიონებში ვართ წარმოდგენილი. გასულ წელთან შედარებით გაყიდვები ოთხჯერ გაიზარდა და იმ პერიოდსაც კი გადავაჭარბეთ, როცა ყველაზე ძლიერი ზრდა გვქონდა", - ამბობს ილია ინასარიძე.

გარდა წარმოებისა, ობიექტი სტუმრებს აგროტურისტულ მომსახურებასაც სთავაზობს. კერძოდ, სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ ადგილზე დააგემოვნონ წარმოებული პროდუქცია, ტრადიციული ყველის მომზადების მასტერკლასებს დაესწრონ. გარდა ამისა, ვიზიტორებს შეუძლიათ თონეში ქადა-ხაჭაპურის გამოცხობის პროცესშიც მჩაერთონ, რაც სტუმრობის ერთ-ერთი პოპულარული ნაწილია.

ილია ინასარიძის თქმით, ობიექტი განსაკუთრებით უცხოელ სტუმრებს იზიდავს, რომლებიც ქართული სოფლის ცხოვრების, ტრადიციებისა და კულინარიული გამოცდილებით ინტერესდებიან.

"ჩვენთან უფრო უცხოელები შემოდიან. წელს ყაზახეთიდან ქალბატონი, თავის მეუღლესთან ერთად იყო, რომელსაც ტენილი ყველი აინტერესებდა. ასევე გვყავდნენ ჩეხები, რომლებიც წინა წლებშიც აქტიურად გვსტუმრობდნენ. რასაც ვუყურებ, ტურისტების რაოდენობა გაზრდილია. წელს ჩვენც ჯგუფები უკვე გვყავდა და ზაფხულშიც გვაქვს დატვირთვის მოლოდინი", - აცხადებს მეწარმე.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, "ელიაში" სივრცის გაუმჯობესებას და ტრადიციული გარემოს უფრო მეტად განვითარებას გეგმავენ, სადაც სტუმრებს კომფორტულად შეეძლებათ მასტერკლასებსა და დეგუსტაციებზე დასწრება. ასევე განიხილება განთავსების ობიექტის დამატებაც, თუმცა ამ პროექტის შესახებ დამფუძნებელი ჯერჯერობით არ საუბრობს.

ინფორმაციისთვის, სოფელ ანდრიაწმინდაში მდებარე აგროტურისტული ობიექტის „ელია" ბაზარზე დაახლოებით 4 წელია ოპერირებს. ობიექტი მომხმარებელს ყველის წარმოების მასტერკლასებსა და დეგუსტაციებს სთავაზობს. გარდა ამისა, "ელიაში" წარმოებული ყველი საქართველოს მასშტაბით ჰორეკა სექტორში იყიდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები