„პანდემიის შემდგომი ყოველი ახალი წელი, ტურისტული ჯავშნების მიმართულებით უმჯობესდება და უახლოვდება იმ ნიშნულს, რომელიც 2019 წელს ფიქსირდებოდა,“- ამის შესახებ BM.GE-სთან ტურისტული კომპანია Check-in Travel-ის დირექტორმა, ლევან ოსეფაიშვილმა განაცხადა.
მისი შეფასებით, დეკემბერი ტურისტულად ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პერიოდია და მომხმარებლები მოგზაურობას ძირითადად ევროპის მიმართულებით გეგმავენ.
„მიმდინარე პერიოდში, ძალიან გააქტიურებული და ფაქტობრივად გაორმაგებულია კრუიზები. ამასთან, ემირატებიც და თანდათან აზიაც უფრო პოპულარული ხდება. ამ თვეში რეკორდი მალდივების ტურმა მოხსნა, რომელზე მოთხოვნაც ძალიან დიდი იყო.
სეზონის ცვლასთან ერთად იცვლება მომხმარებელთან არჩეული ქვეყნები და შესაბამისად ფასებიც განსხვავებულია. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ფასები გასულ პერიოდთან შედარებით არ გაზრდილა.
მომავალ წელს, ჯავშნები კონკრეტულ მიმართულებებზე უკვე არის და ზოგიერთი ქვეყნის ჯავშანი სექტემბერშიც კი გადავიდა, მათ შორის ანტალიის ტური,“- აცხადებს ოსეფაიშვილი.
ტურისტული კომპანიის დირექტორის ცნობით, ბოლო პერიოდში მომხმარებლის ქცევა მნიშვნელოვნადაა შეცვლილი. კერძოდ, ტურისტულად დასვენების მსურველები ქვეყანაში დასვენებას თითქმის ერთი წლით ადრე გეგმავენ, რაც მათ 40%-50%-იანი ფასდაკლების მიღების შესაძლებლობას აძლევს.
ოსეფაიშვილი ვარაუდობს, რომ მომავალი წელი კიდევ უფრო აქტიური და დატვირთული იქნება.