მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ციხესიმაგრეებში დასვენება, ერთღამიანი მოგზაურობები და ბავშვობის გართობა - Expedia 2027 წლის ტურისტულ ტენდენციებს ასახელებს

Gothic getaways

2027 წელს მოგზაურები დასვენების განსხვავებულ გზებს ეძებენ - ზოგი მოკლე, ერთღამიან მოგზაურობას დაგეგმავს, ზოგი ბავშვობის საყვარელ გართობას დაუბრუნდება, ნაწილი კი ღამის გასათევად უჩვეულო, ისტორიულ სასტუმროს აირჩევს. ტურიზმის სფეროში მოსალოდნელ ამ და სხვა ტენდენციებს ტურისტული კომპანია Expedia Group-ის ახალი ანგარიში აერთიანებს, რომლის შესახებაც Euronews წერს.

კვლევა 16 ქვეყანაში 26 000 მოგზაურის გამოკითხვასა და Expedia-ს, Hotels.com-ისა და Vrbo-ს მონაცემებს ეფუძნება. ანგარიშში ხუთი მიმართულებაა გამოყოფილი, რომლებიც აჩვენებს, როგორ იცვლება ადამიანების მოლოდინები დასვენების დაგეგმვისას.

ერთ-ერთი ტენდენციაა ე.წ. Un-Adulting - ყოველდღიური პასუხისმგებლობებისგან დროებით გათავისუფლება და ბავშვობის დროინდელი გართობის დაბრუნება. ეს შეიძლება იყოს თემატური პარკების მონახულება, ატრაქციონებით სარგებლობა ან სხვა ნოსტალგიური გამოცდილება. გამოკითხულთა 57% აცხადებს, რომ 2027 წელს მსგავსი მოგზაურობის დაჯავშნას გეგმავს. gen Z თაობისა და მილენიალების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 71%-ს აღწევს.

მოგზაურებისთვის მნიშვნელოვანი ხდება დროც - ხანგრძლივი შვებულების ნაცვლად, სულ უფრო მეტი ადამიანი მოკლე დასვენებას ირჩევს. ე.წ. Trip Snacking სწორედ ასეთ მოგზაურობებს გულისხმობს, როდესაც გარემოს შესაცვლელად ერთი ღამეც საკმარისია. Expedia-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 79% მომდევნო წლის განმავლობაში ერთღამიანი მოგზაურობის დაჯავშნას გეგმავს. ამასთან, Hotels.com-ზე ერთღამიანი განთავსების ძიებები წლიურად 10%-ით გაიზარდა.

დასვენების ადგილის არჩევისას მნიშვნელობას იძენს არა მხოლოდ კომფორტი, არამედ სასტუმროს ისტორია და ატმოსფეროც. გამოკითხულთა 65% გოთიკური სტილის სასტუმროში დარჩენით არის დაინტერესებული, ხოლო ციხესიმაგრეებში განთავსებაზე მოთხოვნა წლიურად 20%-ით გაიზარდა. Hotels.com-ის მონაცემებით, მოგზაურთა 56%-ს სასტუმრო მისი ვიზუალური სტილისა და ატმოსფეროს გამო შეურჩევია.

კიდევ ორი ტენდენცია კონკრეტულ ინტერესებსა და ნაკლებად ცნობილ მიმართულებებს უკავშირდება. Hobby Hubs გულისხმობს მოგზაურობას საყვარელი საქმიანობისთვის - იქნება ეს ხელსაქმე, ფოტოგრაფია თუ სამაგიდო თამაშები. Heartland Hideouts კი ისეთი ადგილების აღმოჩენას გულისხმობს, რომლებიც ტრადიციული ზღვისპირა კურორტებისგან განსხვავებულ დასვენებას სთავაზობენ ტურისტებს.

Expedia Group-ის ანგარიშის მიხედვით, 2027 წელს მოგზაურობის დაგეგმვისას სულ უფრო მნიშვნელოვანი გახდება პირადი ინტერესები და თავად დასვენების გამოცდილება. ტურისტებისთვის საინტერესო იქნება არა მხოლოდ ის, თუ სად გაემგზავრებიან, არამედ ისიც, თუ როგორ გაატარებენ დროს - მოკლე მოგზაურობით, უჩვეულო გარემოში თუ საყვარელი საქმიანობისთვის დროის დათმობით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები