ჩეხეთი დაინტერესებულია ბაქო-თბილისი-ყარსის ერთობლივ საწარმოში მონაწილეობით. ამის შესახებ BMG-ის ბაქოს ბიუროს ცნობით, აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარის მრჩეველმა, ემილ მამადოვმა „შავი ზღვა-კასპიის ლოგისტიკური ფორუმი 2024“-ზე განაცხადა.
„იდეა არის ევროპელ პარტნიორებთან თანამშრომლობის შესაძლებლობების პოვნა, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქონლის მიწოდება დასავლეთის მხრიდან. ცენტრალური აზიის ქვეყნები თამაშობენ მთავარ როლს ამ პროცესში და ჩეხეთმა ახლახან გამოთქვა ინტერესი პროექტის მიმართ და გამოთქვა სურვილი გახდეს ამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო საწარმოს ნაწილი“, - განაცხადა მან.
შეგახსენებთ, გასულ თვეს, „აზერბაიჯანის რკინიგზამ“ “მარაბდა-კარწახის რკინიგზასთან” ერთად ერთობლივი კომპანია BTKI Railways შექმნა.
„კომპანია საქმიანობას უახლოეს მომავალში დაიწყებს. BTKI Railways მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთის ექსპლუატაციისა და ინფრასტრუქტურული გამართულობის უზრუნველყოფის გარდა, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზით ტვირთების ეფექტურ გადაზიდვებსა და ახალი ტვირთების მოზიდვაზე იმუშავებს. საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივი ძალისხმევა ასევე მიმართული იქნება რეგიონალური სატრანსპორტო კავშირების გამყარებასა და შუა დერეფნის პოტენციალის გაღრმავებაზე“, - განაცხადა „აზერბაიჯანის რკინიგზის“ ხელმძღვანელმა ორი კვირის წინ.
აღსანიშნია, რომ ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი 2017 წლის 30 ოქტომბერს ამოქმედდა. პროექტის ფარგლებში აშენდა ყარსი-ახალქალაქის 98 კმ-იანი რკინიგზა, რომლის 68 კმ თურქეთის ტერიტორიაზეა, 30 კმ კი საქართველოს ტერიტორიაზე. ამავე პროექტით საქართველოში ახალქალაქი-თბილისის 183 კმ-იანი სარკინიგზო მონაკვეთის რეკონსტრუქცია ჩატარდა. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის საერთო სიგრძე 827 კმ-ია.