თაფლის სადისტრიბუციო კომპანია „ლამარია“ საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე მუშაობს. ამის შესახებ BM.GE-სთან შპს "ლამარია ჰანის"-ს დირექტორმა, ლევან ბიგვავამ BM.GE-სთან განაცხადა.
მისი ინფორმაციით, მათი საექსპორტო ბაზარი ამ ეტაპზე ჩეხეთია, თუმცა აგვისტოში იგეგმება გერმანიის მიმართულებით 1 ტონა თაფლის გაგზავნა. ბიგვავას განმარტებით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს არაბეთის ქვეყნებთან.
„ამ ეტაპზე, ჩვენი საექსპორტო ბაზარია ჩეხეთი, მზად გვაქვს 1 ტონა დაფასოებული თაფლის პარტია გერმანული ბაზრისთვის განკუთვნილი, ეტიკეტირებით. ეს პარტია აგვისტოს თვეში გაიგზავნება სარეალიზაციოდ. რაც შეეხება თაფლის სახეობებს, ოთხი სახის თაფლს ვაგზავნით, ესენია: ალპური, წაბლი, აკაცია, წაბლი და ცაცხვი. ასევე გვაქვს მოლაპარაკება საუდის არაბეთში თაფლის ექსპორტის საკითზე. საუდელ იმპორტიორ კომპანიასთან შეთანხმებული გვაქვს საუდის არაბეთის ბაზრისთვის განკუთვნილი არაბულენოვანი ეტიკეტი და ველოდებით შეკვეთას.
მიმდინარე წლის მაისში, საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობის მიზნით, ვიყავით ჩინეთში, კერძოდ "ლამარიას" თაფლი წარმოდგენილი იყო ჩინეთის (შენჟენი), საერთაშორისო კულტურული ინდუსტრიების გამოფენაზე, საკვები და სასმელი პროდუქტების საგამოფენო სივრცეში. ჩვენმა თაფლმა დიდი მოწონება დაიმსახურა, როგორც რიგითი, ასევე პროფესიონალი რეალიზატორების მხრიდან. ამასთან, რამდენიმე შემოთავაზება მივიღეთ ჩინეთში ჩვენი ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლობაზე. ამ მიმართულებით ახლაც ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს. ჩინეთში განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ალპურმა თაფლმა, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ამ კუთხით ალპური თაფლი ლიდერია, როგორც საექსპორტო ბაზრებზე, ასევე საქართველოში“, - აცხადებს კომპანიის დირექტორი.
მისივე ცნობით, ბოლო 8 თვეა, რაც საქართველოს ბაზარზე არიან წარმოდგენილი და ამ ეტაპზე, მათი თაფლი იყიდება ისეთ ქსელებში, როგორიცაა 8000 მოსავალი, წერტი, წისქვილის ბაზარი, ბაიდან ბაზარი, არია და სხვები. ასევე ათვისებული აქვთ რამოდენიმე ონლაინ პლაპფორმა ველი, ვოლტ მარკეტი და სხვა.
ივლისში კი "ლამარია" ადგილობრივ ბაზარზე დედაქალაქს გასცდა და ახლა უკვე ბათუმში, პარტნიორ მაღაზიათა ქსელშია წარმოდგენილი.
კომპანია „ლამარია“ თაფლის სადისტრიბუციო და გადამმუშავებელი კომპანიაა, რომელიც ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს. დღეის მდგომარეობით, 4 სახეობის თაფლს, კერძოდ აკაციას, წაბლის, წაბლისა და ცაცხვის (მიქსი) და ალპურ თაფლს ამზადებს. რაც შეეხება დასაქმებულებს, ამ ეტაპზე, კომპანიაში 5 ადამიანია დასაქმებული. მათი საწარმო მაღალმთიან აჭარაში, კერძოდ ქედის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ხოლო ოფისი თბილისშია განთავსებული.